სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოიგო

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული კიდევ ერთი თანამშრომლის სარჩელი დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით ეროვნულ მუზეუმს 2022 წელს გათავისუფლებული ნანა გაბრიჩიძე-ბუაძისთვის კომპენსაციის გადახდა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.

თანამშრომლების კომპეტენციის შემფასებელმა კომისიამ, რეორგანიზაციის მიზეზით წამოწყებული საკადრო გადაწყვეტილებების დროს ნანა გაბრიჩიძე-ბუაძესთან რამდენიმეწუთიანი გასაუბრების შემდეგ მიიღო მისი გათავისუფლება. დასაქმებულმა კი სასამართლოს მიმართა.

„ეროვნულმა მუზეუმმა ნანა ბუაძე სამსახურიდან 2022 წლის 14 იანვარს გაათავისუფლა. რასთან დაკავშირებითაც არც წინასწარი შეტყობინება არც რაიმე მსგავსი არ გაკეთებულა ეროვნული მუზეუმის მხრიდან.

შესაბამისად სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში, მოვითხოვეთ გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობა და შემდგომ აღნიშნულის საფუძველზე კომპენსაცია და დამატებით განაცდურის ანაზღაურება.

აღნიშნული მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კომპენსაციის ნაწილში 2 000 ლარი დაეკისრა მუზეუმს და ასევე დაეკისრა იძულებით განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.

ამასთანავე, სასამართლომ გამოაცხადა სარეზოლუციო ნაწილი, რომ გათავისუფლების ბრძანება იქნა უკანონოდ ცნობილი“, – უთხრა „პუბლიკას“ ნანა გაბრიჩიძე-ბუაძის უფლებადამცველმა მარიამ გეგუჩაძემ.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში, ნანა ბუაძის მხარეს სამსახურში აღდგენა არ მოუთხოვია და მათი მიზანი იყო გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობა, რაც დაკმაყოფილდა.

ნანა გაბრიჩიძე-ბუაძის ინტერესებს სასამართლოში იურიდიული კომპანია Justice League იცავდა. კომპანია კიდევ ორი პირის, ირმა მანაგაძისა და ნანა მაჭარაშვილის უფლებებს იცავს სასამართლოში, რომლებიც ასევე კულტურის სფეროში გაათავისუფლეს. სასამართლო დავა ირმა მანაგაძემაც მოიგო, ნანა მაჭარაშვილის საქმის განხილვა კი მოსამზადებელ ეტაპზეა.