თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ბათილობაზე სარჩელს. საქმეს მოსამართლე ბაია ოტიაშვილი უძვება.
მოსარჩელეები არიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია – საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველო“.
საიას ცნობით, ორგანიზაცია სარჩელით მოითხოვს ცესკოს მიერ მიღებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას, არჩევნების შედეგების გაუქმებას, ხელახალი არჩევნების დანიშვნას.
მათი შეფასებით, ხმის ფარულობა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მისი დარღვევა დაუშვებელია. საია აცხადებს, რომ ამ უფლების უგულებელყოფა არღვევს საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაციას.
სასამართლოში მხარეები ცდილობენ დაასაბუთონ, რომ მარკერის გაჟონვით ხმის ფარულობა დაირღვა და ამომრჩეველმა საკუთარი ნება თავისუფლად ვერ დააფიქსირა.
გარდა ამისა, საიამ დააყენა შუამდგომლობა საქმის განხილვის შეჩერების შესახებ, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
„შუამდგომლობა ეფუძნებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნას ეხება ხმის ფარულობისა და საყოველთაობის პრინციპების დარღვევის გამო.
სასამართლომ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საარჩევნო დავების განხილვის ვადები კანონით შეზღუდულია და პრეზიდენტის სარჩელის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი.
საიას სარჩელით მოთხოვნილია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გაუქმება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება“, – წერს საია.
პირველ ინსტანციაში განხილვის პარალელურად დღეს დილას პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და მოითხოვა არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა.
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაირღვა ხმის ფარულობა და საყოველთაოობა.