სასამართლომ არ დააკმაყოფილა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შუამდგომლობა კულტურის მინისტრის ბრძანების შეჩერების შესახებ; ვინაიდან მოქმედ რექტორს ვადა 21 ოქტომბერს ეწურება, სასამართლო განხილვა აზრს კარგავს, – ამის შესახებ ინფორმაციას კონსერვატორია ავრცელებს.
მათი განცხადებით ირკვევა, რომ მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანება, რომელიც კონსერვატორიის რექტორის არჩევნების წესს აუქმებს, კვლავ ძალაშია და მისი მოქმედება სასამართლომ, საკითხის გადაწყვეტამდე, არ შეაჩერა. ხოლო ვინაიდან მოქმედ რექტორს ვადა 11 დღეში ეწურება, კონსერვატორია წერს, რომ სასამართლო განხილვა აზრს კარგავს.
მოვლენათა ქრონოლოგიის გასაცნობად წაიკითხეთ კონსერვატორიის განცხადება სრულად:
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მიერ 2023 წლის 28 ივლისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის არჩევნების გამოცხადების თაობაზე.
კონკურსის გამოცხადება განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ მოქმედ რექტორს ეწურებოდა ვადა 2023 წლის 21 ოქტომბერს.
2023 წლის რექტორის არჩევნები გამოცხადებულ იქნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 07 ივლისის N 05/90 ბრძანებით დამტკიცებული კონსერვატორიის მოქმედი წესდებისა და „უმაღლესი განათლების შესახებ “საქართველოს კანონის სრული შესაბამისობით. ამდენად ვერ გავიზიარებთ სამინისტროს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2019 წელს რექტორის არჩევნები არაერთი სამართლებრივი ხარვეზით ჩატარდა და 2023 წელსაც ხარვეზებით ჩატარებას გეგმავდა. საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ კონსერვატორიის ყველა რექტორი მოქმედი წესდების შესაბამისად იქნა არჩეული 2014 წლიდან მოყოლებული (რეზო კიკნაძე მეორე ვადით 2015 წელს, ნანა შარიქაძე 2019 წელს).
2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით გაუქმდა რექტორის კანდიდატის შესარჩევად მიმდინარე კონკურსი. ბრძანებით კონსერვატორიას დაევალა მოქმედ წესდებაში ცვლილების განხორციელება.
კერძოდ, კონსერვატორიაში არსებული ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრისათვის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსის მინიჭება და, შესაბამისად, აკადემიური საბჭოს შემადგენლობის ერთი წევრით გაზრდა.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის პირობებში და რეგულაციების დაცვით, კონსერვატორიამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადებული წესდების პროექტი 2022 წელს წარუდგინა სამინისტროს. წესდების პროექტი ითვალისწინებდა, მათ შორის, სტრუქტურის რეფორმას. ნიშანდობლივია, რომ პროექტის წარდგენიდან მიმდინარე წლის 25 სექტემბრამდე ანუ, რექტორის საარჩევნო პროცესის დაწყებამდე დაახლოებით 15 თვის განმავლობაში, სამინისტროს არ მოუხდენია წესდების პროექტზე რაიმე სახის რეაგირება, მათ შორის, არ დაუბრუნებია შენიშვნები.
გასაკვირია ის გარემოება, რომ ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრთან დაკავშირებული საკითხი აქტუალური გახდა რექტორობის კანდიდატთა საბუთების მიღების დაწყებისას, რაც არა ერთ ეჭვს და შეკითხვას აჩენს ინსტიტუციის ავტონომიურობასთან მიმართებით. ეს შეკითხვები არაერთხელ დაისვა კონსერვატორიის წარმომადგენლების მიერ 29 სექტემბერს სამინისტროში დანიშნულ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილესთან. სამწუხაროდ ამ კითხვებზე პასუხი აკადემიური საბჭოს წევრებმა ვერ მიიღეს.
27 სექტემბრის განცხადებაში კონსერვატორიის აკადემიურმა საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამომავლოდ ცენტრისთვის სტატუსის განსაზღვრა არ არის კავშირში რექტორის არჩევნების პროცესთან და მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი არ შეიძლება გახდეს რექტორის არჩევნებთან დაკავშირებული დადგენილების გაუქმების საფუძველი.
აღვნიშნავთ, რომ კონსერვატორიის ტრადიციული მრავლახმიანობის კვლევის საერთაშორსიო ცენტრის სტატუსის სამომავლოდ განსაზღვრის შესახებ მუშაობა დაწყებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ. თუმცა, მისი ფორმირება უმაღლესი განათლების შესახებ კანონის შესაბამისად მოითხოვს დროს, რაც რექტორის არჩევნების უახლოეს მომავალში ჩატარების შესაძლებლობას სპობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის 2 ოქტომბერს კონსერვატორიამ სარჩელით (სარჩელი უზრუნველყოფით) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2023 წლის 25 სექტემბერს გამოცემული კონსერვატორიის რექტორის არჩევნების გაუქმების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრძანების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა.
იმის გათვალისწინებით, რომ შუამდგლომლობა არ დაკმაყოფილდა, მოქმედ რექტორს კი 21 ოქტომბერს ეწურება ვადა, სასამართლო განხილვა აზრს კარგავს”, – ნათქვამია განცხადებაში.
კულტურის სამინისტროს ბოლო განცხადებით, კონსერვატორიის მოქმედ რექტორს უფლებამოსილების ვადა 21 ოქტომბერს ეწურება, რაც მათივე ცნობით, ნიშნავს იმას, რომ 21 ოქტომბრიდან შესაძლებელი იქნება რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლის არჩევა.