სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ორგანიზაციებმა ანგარიშები წარადგინეს

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა  თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან (EMC) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) ერთად გამოქვეყნა 3 ანგარიში, რომელიც მიმოიხილავს  „სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის“ შესრულების მდგომარეობას, საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემას სასამართლოში და წარმოგვიდგენენ მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.

სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა

როგორც ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ანგარიშში ვკითხულობთ, ანგარიში რიგით მეორეა და მიზნად ისახავს 2018 წლის ნოემბრიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით, 2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგიის შესრულების პროცესის შეფასებას.

აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა ამ დრომდე არ აქვს დამტკიცებული, ასევე არ არის გამოქვეყნებული 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მეორე წლის პროგრესის ანგარიში. შესაბამისად, წარმოდგენილი ანგარიში კვლავ 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იმ აქტივობების შესრულების მდგომარეობას აფასებს, რომლებიც წინა საანგარიშო პერიოდში არ შესრულდა, ან ნაწილობრივ შესრულდა.

კერძოდ, ანგარიშზე მუშაობის პროცესში შემდეგი მიგნებები გამოვლინდა:

  • „საანგარიშო პერიოდში განხილული 68 აქტივობიდან, ჯამში შესრულებულია – 11, ნაწილობრივ შესრულებულია – 31, შეუსრულებელია – 26, ხოლო 2017 წლიდან 2020 წლის თებერვლის მონაცემებით, ორივე საანგარიშო პერიოდში, ჯამში განხილული 92 აქტივობიდან, შესრულებულია – 35, ნაწილობრივ შესრულებულია – 31, შეუსრულებელია – 26.“

წაიკითხეთ ანგარიში სრულად

საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემა სასამართლოში

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, შეიმჩნევა საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტების გაუარესების ტენდენცია.

კერძოდ:

  • „სასამართლოს თავმჯდომარეს რჩება შესაძლებლობა, განსაზღვროს იმ მოსამართლეთა წრე, რომელთა შორისაც განაწილდება კონკრეტული საქმე;
  • სასამართლოს თავმჯდომარეს აგრეთვე დასაბუთების გარეშე შეუძლია შეცვალოს მოსამართლეთა მორიგეობის დადგენილი გრაფიკი.
  • სასამართლოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს და კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეს კვლავაც აქვს განაწილებული საქმეების ხედვის უფლებამოსილება;
  • იმ პირობებში, როდესაც მართლმსაჯულების ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად მუდმივად სახელდება მოსამართლეთა გადატვირთულობა, სასამართლოს/კოლეგიის/პალატის თავმჯდომარე და მოადგილე, აგრეთვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები, სარგებლობენ პრივილეგიით სხვა მოსამართლეებთან შედარებით, რადგან საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი ითვალისწინებს აღნიშნული პირებისთვის შეღავათიან დატვირთულობას.
  • საქმეთა ელექტრონული განაწილების პროგრამა სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში კოლეგიური შემადგენლობიდან ირჩევს მხოლოდ ერთ მოსამართლეს, დანარჩენ მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა და წესი კი კვლავაც ბუნდოვანია;
  • ბუნდოვანია მოსამართლის აცილების/თვითაცილების დროს საქმეთა ხელახალი განაწილების პროცედურა და ვადები.

წარმოდგენილი ანგარიში რიგით მეორეა და მოიცავს 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს.

წაიკითხეთ ანგარიში სრულად

სასამართლოს ხელმისაწვდომობა – მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები

წარმოდგენილი ანგარიში მოიცავს 2020 წლის 19 თებერვლიდან 8 მარტამდე პერიოდს. მთლიანობაში გამოიკითხა 2,290 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს (CAPI – Computer Assisted Personal Interviewing) მეთოდით. კვლევის შედეგად შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოვლინდა:

  • ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2020 წელს საქართველოს მოსახლეობის მესამედი (33%) ამბობს, რომ დაინტერესებულია იმით, თუ რა ხდება საქართველოს სასამართლოებში, მაშინ როცა იგივე მაჩვენებელი 2018 წელს 13%-ით მეტი იყო.
  •  საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი საშუალოდ აფასებს საქართველოს სასამართლო სისტემის მუშაობას, თითქმის მესამედი კი ამბობს, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სასამართლო სისტემა არ შეცვლილა.
  • მოსახლეობის უმრავლესობა ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ კი არ ენდობა სასამართლოს, ასევე ნახევარზე მეტი თვლის, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არ არის;
  •  სამართლებრივი დავების განხილვის ვადებთან დაკავშირებით, მოსახლეობის დაახლოებით მესამედმა არ იცის, საშუალოდ რამდენ ხანს გრძელდება სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დავების განხილვა;
  • საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სმენია სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ, ხოლო ნახევარზე მცირედით მეტს არასახელმწიფო/არასამთავრობო იურიდიული დახმარების ცენტრების შესახებ. რაც შეეხება ნდობის საკითხს სახელმწიფო და არასახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურების მიმართ, მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ამბობს, რომ ენდობა სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურს, თითქმის მეოთხედი კი – არასახელმწიფო იურიდიული დახმარების ცენტრებს;
  • მოსახლეობის მხოლოდ 3%-ს ჰქონია სურვილი მიემართა სასამართლოსთვის, თუმცა არ მიუმართავს, მიზეზად კი ყველაზე ხშირად საქმის განხილვის ხანგრძლივობასა და სასამართლოს ხარჯებს ასახელებენ;

წაიკითხეთ ანგარიში სრულად