სასამართლო რეფორმის გეგმა უგულებელყოფს სისტემაში არსებულ უმწვავეს პრობლემებს - კოალიცია

პუბლიკა

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მმართველი გუნდის მიერ სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ეს გეგმა უგულებელყოფს სისტემაში არსებულ უმწვავეს პრობლემებს, კერძოდ ძალაუფლების კონცენტრაციას და არაფორმალურ, კლანურ გავლენებს სისტემაში.

NGO-ების განცხადებით, მორიგი ფასადური რეფორმა საკმარისი ვერ იქნება მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და ამით კიდევ უფრო დიდი საფრთხე შეექმნება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

„სამწუხაროდ, სასამართლოს რეფორმის ახალი სტრატეგია ისე იწერება, რომ ამ დრომდე არ არსებობს სასამართლოში არსებული გამოწვევების, კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული პრობლემების ერთიანი სურათი. ამ ფონზე, ჩვენთვის ბუნდოვანია, რა მიზნის მისაღწევად იქმნება რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტი შერჩევითად და ფრაგმენტულად გვთავაზობს საკითხებს, რომელსაც უნდა შეეხოს რეფორმა. დოკუმენტში აგრეთვე შერჩევითად არის მოხმობილი ადგილობრივი თუ საერთაშორისო შეფასებები და იგნორირებულია ის მზარდი კრიტიკა, რომელიც ბოლო წლებში სასამართლოს მიმართულებით ჟღერდებოდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.

დოკუმენტში წინასწარ, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშეა არაკონსტიტუციურად მიჩნეული ის მექანიზმები, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა მეტად ინკლუზიური გახდებოდა და მასში თავმოყრილი ძალაუფლება განაწილდებოდა სასამართლო სისტემის სხვა რგოლებზე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სრულად, შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე.

სასამართლო რეფორმის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დოკუმენტზე დაყრდნობით საკანონმდებლო ცვლილებები 1-ლ ნოემბრამდე შემუშავდება და შესაფასებლად წარედგინება ვენეციის კომისიას.

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში ოპოზიციის ნაწილი და NGO-ების ნაწილი არ მონაწილეობდა.