თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განიხილეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის თამარ კორძაიას ადმინისტრაციული სარჩელი, რომლის მოპასუხე ცენტრალური საარჩენო კომისიაა და ასევე ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ სარჩელი, რომლის მოპასუხე ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიაა.
ორივე საქმე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხს შეეხება.
სხდომის დაწყებამდე თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ დღეს შეეცდებიან სასამართლოს მეშვეობით ემიგრანტების ხმის დაცვას.
„იმედი მაქვს, რომ სასამართლო მაინც იქნება გაბედული და კონკრეტული მოსამართლეები მაინც აიღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და დაიცავს ჩვენი ემიგრანტების უფლებას, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.
სამწუხაროდ, ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული მოქალაქისთვის ხმის მიცემის პირობები, ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და ჩვენს დასაბუთებულ არგუმენტებზე, მოქალაქეების მიერ წარდგენილ განცხადებებზე ამბობს, რომ ეს მისი საქმე არ არის. თქვენ წარმოიდგინეთ, ცესკო ამბობს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების სურვილი, რომ სურთ ხმის მიცემა და ამ განცხადებების განხილვა, რომელიც დაიწერა ჩვენი მოქალაქეების მიერ, მსოფლიოს 50-ზე მეტ სხვადასხვა ქალაქიდან, თურმე მათი კომპეტენცია არ არის და მისი ფუნქციონირება მაშინ რისთვის არის კანონით განსაზღვრული ამაზე მათ პასუხი არ აქვთ.
ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სიების ფარგლებში მოქმედებენ მხოლოდ, მაგრამ ისინი ამ დროს იტყუებიან“, – თქვა მან.
თამარ კორძაიას სარჩელს სალომე სამხარაძე განიხილავს. მომდევნო პროცესი ხვალ, 30 სექტემბერს, 10:30-ზე ჩაინიშნა. სავარაუდოდ, სწორედ ხვალ გამოცხადდება გადაწყვეტილება.
ხვალ გახდება ცნობილი „სამართლიანი არჩევნების“ სარჩელზე სასამართლო გადაწყვეტილებაც.
„სამართლიანი არჩევნების“ სარჩელის განხილვა დასრულდა. სასამართლომ არსებითად იმსჯელა საქმის შინაარსზე და დღევანდელ სხდომაზე დაასრულა საქმის განხილვა. რაც შეეხება შედეგს, სასამართლოს ხვალ (30 სექტემბერს) გამოაცხადებს გადაწყვეტილებას.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ცესკომ უნდა შექმნას საარჩევნო უბნები იმ ქალაქებში, რომელიც იყო წარდგენილი სასარჩელო განცხადებაში“, – აღნიშნა ISFED-ის წარმომადგენელმა.
ISFED-ის სარჩელს მოსამართლე ირინა გოგოლაძე განიხილავს.
ცესკოს წარმომადგენელმა, გიორგი სანტურიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმ ყველა ქალაქში შეიქმნა საარჩევნო უბანი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცესკოს მიაწოდა.
„ცესკო დაინტერესებულია იმით, რომ ჩვენს ამომრჩევლებს სხვა სახელმწიფოებში მიეცეს კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა და დაახლოებით 65 ათას ამომრჩეველს ამის შესაძლებლობა ექნება. რაც შეეხება უბნების შექმნის გადაწყვეტილება, ცესკო ეყრდნობოდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც გადმოეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან“, – განაცხადა მან.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 42 ქვეყანაში 60 უბანი გახსნა.
კომისია აცხადებს, რომ წელს იმაზე მეტი უბანი იხსნება, ვიდრე 2020 წელს იყო, მათ შორის, ისეთ ქვეყნებში, სადაც უბანი არც ერთ არჩევნებზე არ ყოფილა – არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფინეთში, კორეაში, იაპონიაში, ავსტრალიის თანამეგობრობაში.
ცესკოს განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის.