სასამართლო სისტემის პროგრესი მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, თუ არადა, აირჩევენ სხვა ადგილს – დეგნანი

პუბლიკა

„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერდა იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რაც საქართველომ გადადგა დამოუკიდებელი, გამჭვირვალე, ეფექტიანი სასამართლო სისტემის შექმნისკენ და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება“, – განაცხადა საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, დღეს გამართულ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, სასამართლო სისტემის შემდგომი პროგრესი მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ასევე ეკონომიკისთვის.

„შემდგომი პროგრესი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, ისევე, როგორც საქართველოს ეკონომკის ზრდისთვის, რადგანაც ინვესტორები უნდა იყვნენ დარწმუნებულები, რომ მათი ხელშეკრულებები, კონტრაქტები შესრულდება და მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ დავა გადაიჭრას სამართლიანად, დროულად, თანასწორობის პრინციპის დაცვით. ყველა სხვა შემთხვევაში აირჩევენ სხვა ადგილს ინვესტიციების განსახორციელებლად“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი პროფესიონალი მოსამართლე, პროკურორი, იურისტია, რომელთა სურვილია, რომ წარმართონ თავიანთი საქმიანობა პოლიტიკური ჩარევის გარეშე.