სასამართლოებისთვის ტენდერით ნივთების, მათ შორის მობილურების შესანახი ავეჯი შეიძინეს, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკამ” სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე ნახა.
ტენდერი სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა გამოაცხადა. ხელშეკრულება 17 ოქტომბერს გაფორმდა – გამარჯვებული კომპანია არის შპს „ავე”. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 91 700 ლარს შეადგენს.
რას ყიდულობენ და ვისთვის?
აღნიშნული ტენდერის საფუძველზე შეიყიდეს სხვადასხვა სახის ავეჯი, მათ შორის არის ნივთების შესანახი კარადები.
სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად ირკვევა, რომ ავეჯის შესყიდვა ხდება 19 სასამართლოსთვის. მათ შორის არის თბილისის საქალაქო სასამართლო, თბილისის სააპელაციო სასამართლო და ა.შ.
რა იყიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის
სატენდერო დოკუმენტაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის (აღმაშენებლის ხეივანზე) შეისყიდეს კარადები – მობილურის შესანახი 960 სათავსოთი. ყველა კარს ექნება საკეტი და იქნება დანომრილი.
კარადას ასევე ექნება ქვედა თაროებიც, შედარებით დიდი ზომის – ჯამში 22 ცალი.
იხილეთ ავეჯის ესკიზები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობისთვის, რომელიც პეკინის ქუჩაზე მდებარეობს (სამოქალაქო დავის საქმეებისთვის) იქ მობილურის 100 შესანახი და 4 ქვედა თარო დამონტაჟდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის
თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვისაც მსგავსი სახის კარადები შეისყიდეს. ისინი სასამართლოს შესასვლელში უკვე დამონტაჟდა.
იხილეთ ავეჯის ესკიზი:

ტენდერით, ავეჯის მიწოდებისთვის სხვადასხვა ვადაა გათვალისწინებული. „პუბლიკის” ინფორმაციით, ნივთების შესანახი კარადები უკვე მიტანილია თბილისის საქალაქო სასამართლოშიც.
დოკუმენტაციაშიც აღნიშნულია, რომ მობილურების შესანახი კარადების მიწოდების ვადა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 დღეში უნდა მომხდარიყო. ხელშეკრულება კი როგორც აღინიშნა, 17 ოქტომბრით თარიღდება.
რა დანიშნულებით, როდის და ვის მიმართ გამოიყენებენ ნივთების შესანახ ახალ კარადებს, ამ ეტაპისთვის უცნობია. „პუბლიკა” ამ საკითხზე განმარტების მისაღებად შესაბამის უწყებებს მიმართავს.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 26 ივნისს მიიღო საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებები, რომელიც 27 ივნისს ძალაში შევიდა.
ცვლილების მიხედვით, სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომისდარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამასახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი.