„სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) სასამართლოში წარდგენილი სარჩელების განხილვის შედეგებს აქვეყნებს.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ საქართველოს პარლამენტის კენჭისყრის დღის შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით საერთო სასამართლოებში ჯამში 19 სარჩელი წარადგინა, რითაც 33 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კენჭისყრის შედეგების გადათვლაზე უარი ან საჩივრის განუხილვევლად დატოვების გადაწყვეტილებები გაასაჩივრა.
მათივე ცნობით, შემჭიდროებული ვადებისა და რესურსის გამო ორგანიზაციამ პირველ ინსტანციაში მხოლოდ 13 სარჩელის, ხოლო სააპელაციო სასამართლოში 6 სარჩელის წარდგენა შეძლო.
ISFED-ის ინფორმაციით, წარდგენილი სარჩელების საფუძველზე სასამართლომ ორ საოლქო საარჩევნო კომისიას 4 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა დაავალა.
ორგანიზაცია წერს, რომ პირველ ინსტანციაში წარდგენილი 13 სარჩელიდან, რომლითაც მოთხოვნილი იყო ჯამში 33 საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მხოლოდ 1 უბნის (სამგორის 05.06.41) მაჟორიტარული არჩევნების შედეგების გადათვლის მოთხოვნა.
„მონაცემების გადათვლისა და მასალების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შესწორების ოქმით შესწორებული მონაცემები შეესაბამებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის მასალებში არსებულ მონაცემებს და შედეგები არ შეცვლილა“, – წერს ISFED.
ISFED-ის ცნობით, სააპელაციო სასამართლოებში წარდგენილი 6 სარჩელიდან თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მხოლოდ 1 სარჩელი და საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას დაავალა 3 უბნის (03.03.25 პროპორციული და მაჟორიტარული; 03.03.56 პროპორციული; 03.03.33 პროპორციული) არჩევნების შედეგების გადათვლა.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ საბურთალოს ოლქის 25-ე უბნის მონაცემების გადათვლის შემდეგ შედეგები არ შეცვლილა, თუმცა როგორც აღინიშნა ამომრჩელევთა სიების შემოწმება არ მომხდარა.
ამავე ოლქის 33-ე უბანზე შედეგების არასრულყოფილად გადათვლის შედეგად გამოვლინდა, რომ #41 „ქართულ ოცნებას“ ოქმში დაფიქსირებული ჰქონდა 317 ხმა, ხოლო გადათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ მიღებული აქვს 318 ხმა; #5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია“ ოქმში ეწერა 226, ხოლო გადათვლის შედეგად აღმოჩნდა რომ მიღებული აქვს 225 ხმა, ბათილი ბიულეტენების გრაფაში ეწერა 25, ხოლო გადათვლისას აღმოჩნდა 26 ბათილი ბიულეტენი.
საბურთალოს ოლქის 56-ე უბნის შედეგების არასრულყოფილად გადათვლის შედეგად გამოვლინდა, რომ შემაჯამებელი ოქმში ბათილი ბიულეტენების გრაფაში მითითებულია 53 ბიულეტენი, შესწორების ოქმში 35, ხოლო დათვლის შედეგად გამოვლინდა 34 ბათილი ბიულეტენი.
„სამართლიანი არჩევნები“ წერს, რომ პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე ტენდენცია:
„ სასამართლოებმა ვერ გაიაზრეს მათ როლი;
იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტიპის დავებზე სააპელაციო სასამართლო ბოლო ინსტანციაა, საჩივრების დაუკმაყოფილებლად დატოვება სპობს იმედს, რომ კონკრეტულ უბნებზე, სადაც დისბალანსი, გადასწორება ფიქსირდება – სიმართლე დადგინდება. შესაბამისად, მათ ირგვლივ, მუდამ დარჩება საფუძვლიანი ეჭვი. სასამართლო დემოკრატიისა და სამართლიანი არჩევნების გარანტორი ვერ გახდა.
გამოიკვეთა საარჩევნო დავებზე მომუშავე მოსამართლეთა ნაწილის არაკომპეტენტურობა;
მოსამართლეთა ნაწილს არ გააჩნდა სათანადო ცოდნა საარჩევნო სამართალში, რაც საშუალებას მისცემდა საარჩევნო დავები კომპეტენტურად წარემართა. ისინი ვერ ერკვეოდნენ საარჩევნო პროცედურებში, საარჩევნო დოკუმენტაციასა და მათ მნიშვნელობაში. პრობლემურ საკითხად გამოიკვეთა შესწორების ოქმების, კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებისა და მათი სამართლებრივი მნიშვენლობის სწორად შეფასება. მოსამართლეთა ნაწილისთვის რთულად აღსაქმელი იყო ის საკითხები, რასაც სარჩელი ეხებოდა.
მოსარჩელეს რამდენჯერმე უწევდა მითითება შემაჯამებელი ოქმებისა და შესწორების ოქმების, მათ შორის სხვაობის, ჩანაწერთა წიგნის შინაარსისა და მათი მონაცემების შედარების მნიშვნელობაზე, ასევე, ზოგადად როგორ ივსებოდა და რა წესებით რეგულირდებოდა აღნიშნული აქტები.
გამოიკვეთა სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს სასარგებლოდ მიკერძოებულობის პრობლემა;
სასამართლოებმა იმის მაგიერ, რომ შეესრულებინათ კანონით მათზე დაკისრებული ფუნქცია – გაეკონტროლებინათ ადმინისტრაციული ორგანოების მოქმედების კანონიერება და დაეწესებინათ სტანდარტები უკეთესი პრაქტიკის შესაქმნელად, მხოლოდ ადასტურებდნენ საოლქო კომისიების მეირ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
სასამართლო გადაწყვეტილებები არასათანადოდაა დასაბუთებული;
სასამართლო გადაწყვეტილებები უმეტესად შაბლონურია. საინტერესოა, რომ ზოგი მსჯელობა და აზრი სხვადასხვა სასამართლოს გადაწყვეტილებებში იდენტურია. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილებები შეიცავს განსახილველ საკითხს აცდენილ მსჯელობებს საარჩევნო კოდექსის არა რელევანტურ ნორმებთან დაკავშირებით. სარჩელში დასმულ მთავარ პრობლემას უმეტესად ნაკლებად ან ზერელედ ეხებიან. სასამართლო არ შედიოდა სიღრმისეულ განხილვაში და არ ამოწმებდა, რამდენად სრულყოფილად ჩაატარა ადმინისტრაციულმა ორგანომ წარმოება საჩივრის განხილვისას. სასამართლოებმა ნაკლები ყურადღება დაუთმეს მათ წინაშე გასაჩივრებული განკარგულებების მატერიალური, შინაარსობრივი კანონიერების შემოწმებას, უგულებელყვეს მოსარჩელის დასაბუთებული არგუმენტები და დარღვევებზე მითითებები.
სასამართლო გადაწყვეტილების დაგვიანებით ჩაბარება
სასამართლო, როგორც წესი, აგვიანებს გადაწყვეტილების დროულად მიწოდებას მხარისათვის, მაშინაც კი, როცა ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებისთვის აუცილებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების ქონა. გასაჩივრების ვადა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან აითვლება და არა მისი მხარისათვის ჩაბარებიდან. ამგვარი დაგვიანება, სამწუხაროდ, მიღებული პრაქტიკაა, მაშინ როცა სარჩელის წარდგენისთვის არ არსებობს ვადებთან დაკავშირებული შეღავათი და ერთი წუთის გადაცილების შემთხვევაშიც, სასამართლო უარს აცხადებს სარჩელის ჩაბარებაზე. აღნიშნული, გასაჩივრების ისედაც შეზღუდული ვადების გათავლისწინებთ, კიდევ უფრო ართულებდა სარჩელების წარდგენას სასამართლოს ზედა ინსტანციაში“, – წერს ISFED.