თბილისის საქალაქო სასამართლომ თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში, ასევე არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის მასალის შეძენა-შენახვა-სარგებლობასა და გავრცელებაში ბრალდებული კაცი დამნაშავედ ცნო.
სასამართლომ ბრალდებულს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის გამოყენებით, 13 წლის არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებას ჩადიოდა. ასევე დაზარალებულს სთხოვდა ფოტოები გადაეღო და მისთვის გადაეგზავნა, რომელსაც სარგებლობის მიზნით უკანონოდ ინახავდა კომპიუტერულ ტექნიკაში”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა აპლიკაციის მეშვეობით მოიპოვებდა და ავრცელებდა არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ მასალას.
კაცს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (გარყვნილი ქმედება და არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-გავრცელება) წარედგინა.