სასამართლომ 2000 ლარი ჯარიმა დამაკისრა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის - ირაკლი აბსანძე

პუბლიკა

„რა დროს ესაა, მაგრამ დღეს სასამართლომ 2000 ლარი ჯარიმა დამაკისრა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის“, – წერს ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე ფეისბუქგვერდზე.

ირაკლი აბსანძე 12 ივლისს აქციაზე დააკავეს. კადრებში ჩანდა, რომ იგი არავითარ წინააღმდეგობას არ უწევდა პოლიციას, თუმცა, მიუხედავად ამისა,  ძალით ჩასვეს პოლიციის მანქანაში, რა დროსაც მას ხელი მოსტეხეს.

ირაკლი აბსანძე, განსაკუთრებით ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, მძაფრად აკრიტიკებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავრობის წევრებს.

როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჟურნალისტი ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა [საზოგადოებრივ ადგილას ლანძღვა-გინებას] და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მოგვიანებით იგი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა.