სასამართლომ 9 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებული აღკვეთის გარეშე გაათავისუფლა

პუბლიკა

9 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებული კაცი რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე გაათავისუფლა. საქმეზე განხილვა გრძელდება.

9 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულია ბავშვის მამინაცვლის მამა. პროკურატურამ მას ბრალი 7 ივლისს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივლისს, რუსთავში, ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობა განახორციელა შვილის არასრულწლოვან გერზე”, – აღნიშნული იყო პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და ბრალდებული აღკვეთის გარეშე გაათავისუფლა. ბრალდებული 6 ივლისს დააკავეს.