სასამართლომ ადიგენელი გლეხის მიწის საპატრიარქოსთვის გადაცემა უკანონოდ ცნო - EMC

პუბლიკა

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ ადიგენელი გლეხის მიწის საპატრიარქოსთვის გადაცემა უკანონოდ ცნო“, – ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“, რომელიც სასამართლოში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კიკიბოსა და დერცელში მცხოვრები ქართველი მუსლიმი გლეხების ინტერესებს იცავს.

როგორც EMC ამბობს, სოფლის საძოვარი მიწების  გადაცემა, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში მართლზომიერად და კეთილსინდისიერად იყენებდნენ, ქონების ეროვნულმა სააგენტომ და მთავრობამ მოულოდნელად საპატრიარქოს გადასცა საკუთრებაში.

„ეს გადაწყვეტილება ისე იყო მიღებული, რომ ადგილობრივი გლეხების მიერ წლების განმავლობაში მიწით სარგებლობის პრაქტიკა, მათი უფლებადამდგენი დოკუმენტები და შესაბამისად მათი სოციალური ინტერესი და უფლება სრულად იყო უგულებელყოფილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ. რამდენიმეთვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჩვენი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ერთი მოსარჩელის მიმართ, რომლის საკუთრებაში არსებული მიწის ზუსტი იდენტიფიკაცია შესაძლებელი გახდა ექსპერტიზით, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საძოვრების გასხვისებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ბათილად ცნო“, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

როგორც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ ამბობს, ორგანიზაცია აგრძელებს ბრძოლას ზემდგომ სასამართლოში სხვა გლეხების ინტერესების დაცვისთვის.

„ამ თვითნებობას, დამატებით, კულტურული და რელიგიური კონტექსტი და მნიშვნელობა ეძლევა, მაშინ როცა მათი გადაცემა საპატრიარქოსთვის ხდება. მით უფრო, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სადაც სოფელ კიკიბოსა და დერცელის მეზობლად მდებარე სოფლებში – ჭელაში (2013 წელი), მოხეში (2014 წელი) და ადიგენში (2016 წელი) ქართველი მუსლიმი თემის დევნის მძიმე გამოცდილებები და მეხსიერება არსებობს. ადგილობრივი ეპარქიის მიმართ კი ჭარბი პოლიტიკური ლოიალობა და ადგილობრივ პოლიტიკაში მისი გაუმართლებელი ჩარევის ნიშნები ჩანს“, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.