ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის პროტესტის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს ინფორმაცია საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწვეტილების შესახებ.
შუქრუთელები ამბობენ, რომ დღეს საჩხერის რაიონულმა სასამართლომ პროტესტის მონაწილე შუქრუთელებს, რომლებსაც 153 დღეა კოროხნალის და შუქრუთის მაღაროები პიკეტირებული აქვთ, პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა აუკრძალა.
შუქრუთელები 24 აგვისტოს სოფელ ჭორვილაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციას აანონსებენ.
„საჩხერის რაიონულმა სასამართლომ დღეს დააკმაყოფილა „ჯორჯიან მანგანეზის“ სარჩელი, კომპანიამ მოითხოვა სოფლის მოსახლეობის პროტესტის შეჩერება, დაზარალებული მოსახლეობის პროტესტის შეჩერება და სასამარლომ ეს სრულიად უკანონო მოთხოვნა ძალაში მოიყვანა. ძალიან გასაკვირია ის ფაქტი, რომ სოფლის დაზარალებული მოსახლეობისგან კომპანია ითხოვს ზარალის ანაზღაურებას 5 მლნ 500 ათასი ლარის ოდენობით, ეს არის მცდელობა დაშინების მოსახლეობის, მცდელობა შეზღუდოს მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და კომპანიას აუნთოს მწვანე შუქი რომ გააგრძელოს ის უკანონო საქმიანობა რასაც 2016 წლისდან სოფელ შუქრუთის ტერიტორიაზე ახორციელებს.
რა თქმა უნდა ეს გავლენას არ იქნიებს პროტესტზე, პირიქით, ჩვენ რადგან ჩვენი სახელმწიფო ვერ გვიცავს, ვერ არეგულირებს კომპანიისა და სოფლოს მოსახლეობის ურთიერთობას, ჩვენ ყველა ჩვენს ხელთ არსებული ძალით დავიცავთ ჩვენს ოჯახებს, ჩვენს სახლებსა და სოფელს განადგურებისგან“,- ამბობს Live ჩართვისას შუქრუთში მცხოვრები, პროტეტსის მონაწილე ჯანო ლაბაძე.
კიდევ ერთი ადგილობრივი, პროტესტის მონაწილე გიორგი ნაფერაძე Live ჩართვისას ამბობს, რომ სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით მოსახლეობას კონსტიტუციით გარანტირებული პროტესტის გამოხატვის უფლება აუკრძალა.
მან 24 აგვისტოს შუქრუთიდან ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქცია დააანონსა.
„სასამართლო ჩვენ დაზარალებულ მოსახლოებას გვიკრძალავს კონსტიტუციით გარანტირებული პროტესტის გამოხატვის უფლებას, ჩვენ კერძო საკუთრებას ანადგურებს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ და მიუხედავად ამისა, ყველანაირად ცდილობენ საპოლიციო ძალებით ადამიანებზე ზემოქმედების მოხდენას, დაშინებას, მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენზე გავლენას არ მოახდენს. ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს, ჩვენის სახლ-კარის დაცვას….
ყევლას მოგმართავთ არამარტო ჭიათურაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 აგვისტოს 3 საათზე შევიკრიბოთ სოფელ შუქრუთში, სადაც კარავი გვაქვს გაშლილი და მშვიდობიანი მსვლელობით აგვიდეთ სოფელ ჭორვილაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სოფელში, სახლთან, რათა ერთხელ და საბოლოოდ ხმა მივაწვდინოთ ცენტრალურ ხელისუფლებას“,- ამბობს გიორგი ნაფერაძე.
გამოცემა „მთის ამბები“ სასამართლო განჩინებიდან ნაწყვეტს აქვეყნებს.
როგორც მასალაში ვკითხულობთ, განჩინებიდან ირკვევა, რომ საჩხერის რაიონულ სასამართლოს 8 აგვისტოს მიმართა შპს „მაღაროელმა“, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ ექსკლუზიური კონტრაქტორია – მანგანუმის მოპოვების უფლებამოსილება ლიცენზიანტის მიერ მას აქვს მინიჭებული. კომპანია პროტესტის მონაწილეებს ფინანსური ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს და მათგან 5 563 481 ლარის გადახდას ითხოვს.
„სასამართლო თვლის, რომ საწარმოს მიერ თავისი ფუნქციის ვერგანხორციელება უარყოფით გავლენას ახდენს არა მარტო თვით საწარმოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არამედ, საწარმოს როგორც ერთიან ორგანიზმზე, მისი სოციალური და მატერიალური პასუხისმგებლობის ხარისხზე. საფრთხე იმისა, რომ მოპასუხეთა მხრიდან გაგრძელდეს ხელშეშლა, ერთმნიშვნელოვნად არსებობს“, – ნათქვამია განჩინებაში.
ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის პროტესტის მონაწილეები უკვე 153-ე დღეა, კოროხნალის მაღაროსთან აქციას მართავენ. მათი თქმით, სოფელში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მრავალწლიანი სამუშაოების შედეგად, ადგილობრივებს დაენგრათ და დაებზარათ სახლები, რის გამოც ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ისინი კომპანიისგან ზარალის შეფასებასა და მის სრულ ანაზღაურებას მოითხოვენ.
ისინი მოითხოვენ იმ პირობების შესრულებას, რომლებიც 2021 წელს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიიღეს.
2021 წელს შუქრუთის მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი გახდა – დაინგრა სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. პროტესტის მონაწილეებმა მაშინ პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართეს იმ მოთხოვნით, რომ „ჯორჯიან მანგანეზს“ აენაზღაურებინა შუქრუთის მოსახლეობის ზარალი.
2021 წლის 10 ივნისს კომპანია ამტკიცებდა, რომ შეთანხმება მათსა და მოსახლეობას შორის შედგა. „ჯორჯიან მანგანეზმა“ მაშინ განაცხადა, რომ ზიანის შესაფასებლად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ოფიციალურად მიმართა. პროტესტის მონაწილეებმა მიიღეს დაპირება, რომ სამხარაულის ეროვნული ბიურო მათ ზარალს შეაფასებდა. ასევე, ბიურო შეაფასებდა დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მომზადებული დასკვნის სისწორესა და ქონების საბაზრო ღირებულებას.
შუქრუთის მოსახლეობა ამბობს, რომ დაპირებები არ შესრულებულა. 2024 წლის 14 მარტს ადგილობრივები ისევ გაიფიცნენ. მათი თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ სრულიად უგულებელყო სამი წლის წინ მათთან დადებული შეთანხმება. მოსახლეობა ამბობს იმას, რომ კომპანიას არამც თუ აუნაზღაურებია რაიმე ზარალი, არამედ არც კი მიუღიათ პასუხი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან.