ალეკო ელისაშვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ძალადობით დააკავეს, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
პატიმრობას პროკურორი ითხოვდა. ბრალდების მტკიცებით, გათავისუფლების შემთხვევაში „ელისაშვილმა შესაძლოა ახალი დანაშაული ჩაიდინოს, ამასთან, არ არის გამორიცხული მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს“.
ბრალდების მხარე გირაოს არ ითხოვდა, რადგან, მისი მტკიცებით, „გირაო ვერ უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას“.
დაცვის მხარის მტკიცებით კი, არ არსებობს საფუძველი, რომ ალეკო ელისაშვილმა მოწმეებზე რაიმე ზემოქმედება მოახდინოს, ასევე არ არსებობს მისი მიმალვის საფრთხე.
ადვოკატის განცხადებით, ელისაშვილის მხრიდან ასევე გამორიცხულია ახალი დანაშაული ჩადენის საფრთხე, მათ შორის იმის გამოც, რომ მას არ გააჩნია წარსულში ნასამართლობა.
დაცვის მხარის თქმით, საქმეში არსებულ ვიდეომტკიცებულებაზე დაკვირვების შემთხვევაში კარგად ჩანს, რომ ელისაშვილი ალი ბაბაევთან კონფლიქტისას აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაშია.
მოსამართლემ პროკურორის არგუმენტები გაითვალისწინა.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ბრალად ედება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ დამფუძნებელს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა“. ელისაშვილი 4 დეკემბერს ძალადობით დააკავეს. მას ფიზიკურად გაუსწორდნენ დაკავების შემდეგაც.
5 დეკემბერს ელისაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
კოლეგები ალეკო ელისაშვილის დაკავებას პოლიტიკურ პატიმრობად აფასებენ.
ხოლო ელისაშვილის ცოლმა, ირინა კილოსანიძემ თქვა:
„ბიძინა ივანიშვილის დაპირება იყო, რომ ყველა პოლიტიკოსს დაიჭერდა და ჩასვამდა ციხეში. ეს არის ერთადერთი დაპირება, რომელიც მან შეასრულა. ამიტომ, მე ამისი მოლოდინი მქონდა. მე და ჩემი შვილები, როგორც აქამდე ვიდექით ქუჩაში და ვაპროტესტებდით და ასევე ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ“.
ალეკო ელისაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.