„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ორგანიზაცია „აირჩიე ევროპის” და მისი დამფუძნებლების საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების, ასევე, აქტივებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვას ეხმაურება.
კერძოდ, „საიას” ცნობით, 2024 წლის 6 სექტემბერს, ანტიკორუფციულმა ბიურომ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოსთხოვა „აირჩიე ევროპის” და მისი დამფუძნებლების საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების, ასევე აქტივებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის ნებართვა. იმავე დღეს სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. „აირჩიე ევროპამ” საქალაქო სასამართლოს მიერ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
„საია” აცხადებს, რომ მათ შეისწავლეს როგორც ბიუროს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა, ისე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანება.
შესწავლილ დოკუმენტებზე დაყრდნობით ორგანიზაციას მიაჩნია, რომ იკვეთება არაერთი პრობლემური გარემოება.
„საიას” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ხაზს უსვამს, რომ 2024 წელს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა უფლებამოსილება, პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით, ნებისმიერი პირისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია იმისთვის, რომ გამოირიცხოს ანტიკორუფციული ბიუროს თვითნებური გადაწყვეტილებების რისკები.
კანონმდებლობით გათვალისწინებულია სასამართლო კონტროლის მექანიზმი.
ნონა ქურდოვანიძის თქმით, „შესწავლილ დოკუმენტებზე დაყრდნობით იკვეთება, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ისე დააყენა შუამდგომლობა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომ არ არის დასაბუთებული, დაწყებულია თუ არა მონიტორინგი შესაბამისი სუბიექტის მიმართ და კონკრეტულად რომელი სუბიექტის მიმართ მიმდინარეობს ეს პროცესი”.
„იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელება დაწყებულია ორგანიზაცია „აირჩიე ევროპის” მიმართ, არ არის დასაბუთებული, ვრცელდება თუ არა ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი ან ამ ტიპის მონიტორინგის განხორციელების ფარგლებზე.
ასევე არ არის დასაბუთებული გამოთხოვილი ინფორმაციის მოცულობის საჭიროება და მიზანთან თავსებადობა. აღსანიშნავია, რომ დამფუძნებლების შესახებ ინფორმაცია გამოთხოვილია მოძრაობის ამ ორგანიზაციის დაფუძნებამდე არსებულ პერიოდზეც – 2024 წლის 1 იანვრიდან 26 ივლისის ჩათვლით.
სასამართლო არ ასაბუთებს ფიზიკური პირების ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროებას და მიზანთან თავსებადობას.
ასევე ბუნდოვანია ზღვარი სამოქალაქო მოძრაობის და მისი დამფუძნებლების საქმიანობასთან დაკავშირებით.
იმ პირობებში, როდესაც ანტიკორუფციული ბიუროს ინსტიტუტის დამოუკიდებლობა არ არის მიღწეული, მის მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები წარმოშობს ეჭვებს ანტიკორუფციული ბიუროს მანდატის თვითნებური გამოყენების თაობაზე. ამგვარი გადაწყვეტილებები აჩენს ინსტიტუტის მიმართ ნდობის შემცირების რისკებს”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
მისივე განცხადებით, ასეთ პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ შეასრულოს ბალანსის და უფლებების დაცვის გარანტის ფუნქცია, რომელიც ამ შემთხვევაში ვერ შეასრულა.
ქურდოვანიძე ასევე ხაზს უსვამს, რომ სასამართლოს ბრძანება არ სცემს პასუხს არცერთ იმ საკვანძო საკითხს, რომელიც ამ საქმეშია გამოკვეთილი.
„საია” მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს და სასამართლოს, იხელმძღვანელონ კანონის მოთხოვნების და სამართლებრივი პრინციპების დაცვის სტანდარტებით და თავისი საქმიანობა წარმართონ სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით, ისე, რომ არ შეიზღუდოს კონკრეტული სუბიექტების სამართლებრივი უფლება.