სასამართლომ აქციების გამო დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან ჯაჭვაძემ, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლო მსჯელობდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ბრალდებულებისთვის: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ვალერი თეთრაშვილი; გიორგი ტერიშვილი; ირაკლი ქერაშვილი; რევაზ კიკნაძე; სერგეი კუხარჩუკი.

სასამართლო ამ 11 ბრალდებულის საქმეს ერთ წარმოებად განიხილავს.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა, ალტერნატივად კი პატიმრობის ნაცვლად გირაოს გამოყენების შუამდგომლობა ჰქონდა, თუმცა სასამართლომ მათი პოზიცია არ გაიზიარა და პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურატურა შუამდგომლობაში ამტკიცებდა, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობს როგორც მიმალვის, ასევე გამოძიებისთვის ხელის შეშლის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მსუბუქი ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში კი ეს საფრთხეები ვერ განეიტრალდება.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატებმა არ გაიზიარეს პროკურატურის არგუმენტაცია.

11 ბრალდებულის ადვოკატებმა ინდივიდუალურად წარმოადგინეს პოზიცია როგორც აღკვეთის სახესა და გირაოს ოდენობაზე, ასევე არგუმენტები, რატომ უნდა შეცვალოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება.

ისინი ამტკიცებდნენ, რომ არ არსებობს არც მტკიცებულებების განადგურების, არც მიმალვის და არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

ადვოკატების არგუმენტაციის მიხედვით, პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება და საქმის შინაარსი უსაფუძვლოა, ასევე არ არსებობს არც ერთი დაზარალებული.

„ანდრო იდგა წინა რიგში, პოლიციელმა წყლით სავსე ბოთლი ისროლა, რომელიც ანდროს წინ დაეცა, მან ეს ბოთლი აიღო და უკან დააბრუნა, რომელიც შუა ადგილას დაიქცა. რომელ დაზიანებაზეა საუბარი?

ბატონო მოსამართლე, მაინტერესებს თქვენი შინაგანი რწმენა. თქვენი გადაწყვეტილებით შეგიძლიათ განმუხტოთ ის სიტუაცია, რაც საქართველოში ხდება და გმირად ჩაეწეროთ. ყველა აქცია იწყება მოთხოვნით, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, თქვენ შეგიძლიათ თქვენი გადაწყვეტილებით სიტუაცია განმუხტოთ. ამით დიდ პასუხისმგებლობას მოიხსნით და შეიძლება ისტორიაშიც ჩაეწეროთ.

ბატონო მოსამართლევ, არ მინდა, თქვენც სანქცირებულთა სიაში მოჰყვეთ, თქვენს რეპუტაციას ვუფრთხილდები“, – მიმართა ქეთევან ჯაჭვაძეს ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ.

„პატივცემულო მოსამართლევ, გთხოვთ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ. აბა, შეხედეთ ონისე ცხადაძეს, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ სახელმწიფო ბრალდება გვისახავს? მე მგონი, რომ არ არიან და დარწმუნებული ვარ, თქვენი შინაგანი რწმენაც ამას გკარნახობთ […] გთხოვთ, ამ შემთხვევაში არა თქვენს წრეში გაბატონებულ მოსაზრებას ან სტერეოტიპს დაეყრდნოთ, არამედ დაეყრდენით მხოლოდ მტკიცებულებებს, საქმის მასალებს და თქვენს შინაგან რწმენას“, – მიმართა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს ონისე ცხადაძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

სხდომაზე პოზიცია დააფიქსირეს ბრალდებულებმაც. წარდგენილ ბრალდებას არც ერთი არ აღიარებს.

წინასასამართლო სხდომა ორი თვით გადაიდო და 5 მარტს ჩაინიშნა.

ბრალდებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.