სასამართლომ აქციების კიდევ 11 მონაწილეს შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღესაც გაიმართა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ყოველდღიური საპროტესტო აქციების მონაწილეების პროცესები.

სასამართლომ 11 პირი ცნო სამართალდამრღვევად, ხოლო გიორგი ელიაშვილის, იოსებ ხეოშვილის, თეონა ტალახაძის, დავით ასანიძის, თამარ გიორგაძისა და ნინი ნაჭყებიას პროცესები გადაიდო.

ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ:

  1. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს – 14 დღე;
  2. ლია მუშკუდიანს – 3 დღე;
  3. კახა კვეკვესკირს – 14 დღე;
  4. ნეკა ნათელაშვილს – 6 დღე;
  5.  შაკო ბაღდოშვილს – 14 დღე;
  6. ნიკოლაი ბელიკოვს – 14 დღე. მოსამართლემ ასევე მიიღო მისი ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება და საქართველოში შემოსვლა 2 წლით აკერძალა.
  7. ლუკა გოგიას – 14 დღე;
  8. ლორენა ბერიას – 4 დღე;
  9. მარია ტალიაშვილს – 4 დღე;
  10. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს – 7 დღე;
  11. ნიკოლოზ შურღაიას – 14 დღე.

ნიკოლაი ბელიკოვის ადვოკატმა განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა რუსეთი 2016 წელს დატოვა რეპრესიებისა და ტერორის შემდეგ. ადვოკატის თქმით, თუ ბელიკოვი 14 დღეში სხვა თავშესაფარს ვერ იპოვის, იძულებული გახდება, რომ რუსეთში წავიდეს, სადაც რეპრესიების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, რადგან პუტინის პოლიტიკას და უკრაინაში რუსეთის ომს აკრიტიკებს.

სხდომაზე ისაუბრა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა და აღნიშნა, რომ დაკავების შემდეგ შეუზღუდეს ოჯახთან და ადვოკატთან დაკავშირების უფლება.

„მნიშვნელობა არ აქვს რამდენს მომისჯით, ნანახი მაქვს, ვიცი, დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში, შეიძლება ჩემს საქციელში რაღაც შეცდომას ვუშვებ, მაგრამ ეს ჩემი საქციელია, მე არ მინდა, რომ თქვენ დაუშვათ შეცდომა. არ მინდა თემიდა თვალდახუჭული იყოს, ის თვალახვეულია, მაგრამ ხედავს მაინც, ნუ დაუხუჭავთ თვალს თემიდას“, – თქვა ვაჟა გაფრინდაშვილმა სხდომაზე.

თამარ გიორგაძემ და გიორგი ელიაშვილმა ისაუბრეს როგორ და რა ფორმით მოხდა მათი დაკავება. ორივემ აღნიშნა, რომ არ იყვნენ გზის სავალ ნაწილზე. იოსებ ხეოშვილმა თქვა, რომ შშმ პირია, დაკავების დროს ფეხსაცმელი გასძვრა და მთელი ღამის განმავლობაში იზოლატორში ფეხშიშველი იყო. მისი თქმით, პოლიციამ არ მისცა ფეხსაცმლის აღების საშუალება.


წინ კვირას „ოცნების“ პარლამენტმა პროტესტის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო.  პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავდნენ. ცვლილების მიხედვით, აქციაზე სახის დაფარვა, გზის გადაკეტვა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, ცრემლმდენი საშუალებების ფლობა, ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს.

60 დღემდე პატიმრობა წესდება თუ აქციის მონაწილეები იქონიებენ ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას; ისეთ საგანს ან ნივთიერებას, რომელიც გამოიყენება აქციის მონაწილეთა ან სხვა პირთა ჯანმრთელობის დასაზიანებლად; იმგვარ აქციაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყდა;

ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.ასევე სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიციის მოთხოვნის მესამედ დაუმორჩილებლობა.