სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ძლიერი საქართველოს“ მოთხოვნა ამომრჩეველთა სიის გასაჯაროებაზე

პუბლიკა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლითაც კოალიცია 26 ოქტომბრის არჩევნებზე ელექტრონულ აპარატებში ჩატვირთული სიის გამოქვეყნებას მოითხოვდა.

სხდომას ესწრებოდა კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე.

ანა დოლიძის თქმით, სარჩელით მოთხოვნილი ინფორმაცია მათ დაეხმარებოდათ იმის გარკვევაში, იყო თუ არა კონკრეტული ამომრჩეველი უბანზე და სხვამ ხომ არ მისცა ხმა მის ნაცვლად.

„ვერიფიკაციის აპარატი იმიტომ იდგა იქ, რომ, როცა საჭიროა და როდესაც გვჭირდება, შევძლოთ დავადასტუროთ ფიზიკურად, ვინ მივიდა არჩევნებზე. ყველა სასამართლოში, სადაც ეს მოვითხოვეთ, ჩვენ გვითხრეს უარი, სხვადასხვა ფორმალური მიზეზით. მათ არ უნდათ გამოაჩინონ მთავარი მტკიცებულება, რითაც გამოჩნდება რომ მათ არჩევნები მოპარული აქვთ“, – ამბობს ანა დოლიძე.

როგორც კოალიციის კიდევ ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, „ძლიერმა საქართველომ” 73 ოლქში შეიტანა საჩივარი, სიების გასაჯაროების მოთხოვნით და ეს მოთხოვნა არც ერთმა ოლქმა არ დააკმაყოფილა.

„ამის შემდეგ „ძლიერი საქართველო“ წავიდა სასამართლოში და ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლოებიც ჩართულები არიან ოცნების დანაშაულებრივ სქემაში, არჩევნების მიტაცებასთან დაკავშირებით. თანაც ამას აკეთებენ მძიმე საპროცესო დარღვევების ფონზე, მაგალითად, თბილისსა და გორში მოსამართლეს არც კი განუხილავს ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ისე მიიღო გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებლად და დარღვევით, მტკიცებულებების საქმეზე არ დართვის თაობაზე“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ კოალიცია მიმართავს ყველა სამართლებრივ მეთოდს, ვინაიდან სამართლებრივი ზრდის გავლა საერთაშორისო დელეგიტიმაციისთვის მნიშვნელოვანია.