სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი თემურ ქათამაძისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე.
საერთაშორისო დაცვის მინიჭება გულისხმობს როგორც ლტოლვილის სტატუსს, ასევე ჰუმანიტარული ან დამატებითი დაცვის სტატუსს.
„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა თემურ ქათამაძისთვის ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხს, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა. შესაბამისად, არ გაუქმდა სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე და არ მიენიჭა მას აღნიშნული სტატუსი. ჩვენ სასამართლო პროცესზე ვითხოვდით მათ შორის მოწმეების დაკითხვას, რომლებიც ისაუბრებდნენ და დაადასტურებდნენ იმ საფუძვლებს, რომლებიც წარმოადგენს მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას, თუმცა სასამართლომ ამ მოწმეების დაკითხვაზე შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა, უარი გვითხრა“,- თქვა სხდომის დასრულების შემდგომ ქათამაძის ადვოკატმა.
დღეს, 18 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში თემურ ქათამაძის (ოფიციალური სახელი: გაფფარ ილმაზი) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭების საქმეზე პროცესი გაიმართა.
თემურ ქათამაძემ სხდომის გადადების შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სხდომაზე ქათამაძემ ისაუბრა ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, რომელიც, მისი თქმით, მიგრაციის დეპარტამენტისა და კლინიკა „ვივამედის“ ადმინისტრაციის მხრიდან მის წინააღმდეგ განხორციელდა, სწორედ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვებისთვის ითხოვა დრო ქათამაძემ და სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მარტის 17 რიცხვში პროკურატურაში საჩივარი შევიტანე და მოვითხოვე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის მიხედვით ჩემ მიმართ განზრახ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება. გთხოვთ, აღნიშნული სპეცოპერაციის დეტალების დამადასტურებელი დოკუმენტების და სხვა საკითხების შეგროვებისთვის დრო მომცეთ, გადადოთ ჩემი საქმის პროცესი“, – მიმართა ქათამაძემ მოსამართლეს.
თემურ ქათამაძე 11 იანვარს დააკავეს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
იზოლატორის დატოვების შემდეგ, 16 იანვარს, ქათამაძე ისევ დააკავეს – ამჯერად მას საქართველოდან გაძევება ემუქრება. შსს-მ 16 იანვარსვე განაცხადა, რომ ქათამაძე დაკავებულია საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად — ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. „ბათუმელებთან” ინტერვიუში მან თქვა, რომ საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს და მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ჯერაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა. თბილისის საქალაქო სასამართლო თემურ ქათამაძისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხზე დღეს, 18 მარტს იმსჯელა. საიას ცნობით, თემურ ქათამაძე აღნიშნული დავის ფარგლებში შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც მას განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში დაუსაბუთებლად ეთქვა უარი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.