ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის პროცესზე, სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ თარჯიმნების – შორენა ტაბატაძისა და ანაიდა საფარიანის სააპელაციო სასამართლოში დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა.
მათი თქმით, ვინაიდან პირველმა ინსტანციამ ისინი ნეიტრალურ მოწმეებად მიიჩნია და ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ მოწმეების დაკითხვისას დაცვის მხარეს არ მიეცა შეკითხვების სრულყოფილად და ამომწურავად დასმის შესაძლებლობა, ისინი მნიშვნელოვნად მიიჩნევენ სააპელაციოში მათ დაკითხვას.
დაცვის მხარე პირველი ინსტანციაში საქმის განხილვის პერიოდიდან მიიჩნევს, რომ საქმეში ჩართული თარჯიმნების ნეიტრალურ მოწმეებად განხილვა არ შეიძლება, ვინაიდან ისინი პოლიციელებთან დაახლოებული, ანგაჟირებული პირები არიან და ვერ ჩაითვლებიან საგამოძიებო მოქმედებების მიუკერძოებელ დამკვირვებლად (ვრცლად იხილეთ ქვემოთ „პუბლიკის” მასალები).
პროკურატურას მიაჩნდა, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა იყო უსაფუძვლო. პროკურორ ნუგზარ ჭიტაძეს თქვა, რომ დაცვის უფლება ყველა ეტაპზე იყო დაცული. მას მიაჩნია, რომ დაცვის მხარემ ამომწურავად დასვა შეკითხვები, მოსამართლის მიერ კითხვების განრიდება კი ეხებოდა ბრალდებულების იმ შეკითხვებს, რაც დაცვის მხარეს უკვე დასმული ჰქონდა, მოწმეს კი განმარტებული.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა.
მოსამართლის თქმით, საქმის მასალების თანახმად, მოწმეების დაკითხვისას არსებით დარღვევას მოწმის დაკითხვის წესში ადგილი არ ჰქონდა. რაც შეეხება შუამდგომლობაში მითითებულ გარემოებებს, მოწმის მიმართ დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით, მოსამართლემ აღნიშნა, რომ ეს შეფასების საგანია და მტკიცებულებათა შეფასებისას იმსჯელებენ ამ საკითხზე.
სააპელაციო სასამართლოში საქმეს განიხილავენ მოსამართლეები – თეა ლეონიძე, ლავრენტი მაღლაკელიძე, პაატა სილაგაძე.
ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8.5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით. ისინი დანაშაულს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს „დეკემბრის აქციებში“ მონაწილეობის გამო.