სასამართლომ არ გაითვალისწინა ლაზარეს საქმის კონტექსტი, დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება - ყოფილი მოსამართლე

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებით სასამართლო მხოლოდ ნორმის მშრალად შემფარდებელ ორგანოდ იქცა.

მისი განმარტებით, პირველმა ინსტანციამ არ გაითვალისწინა ლაზარეს საქმის საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტექსტი.

ყოფილი მოსამართლის შეფასებით, განსახილველ საქმეზე კონტექსტის გაუთვალისწინებლობა ცალსახად მიუთითებს სასამართლოს მიკერძოებაზე.

„მოსამართლე ვალდებულია, საქმის განხილვა-გადაწყვეტისას გაითვალისწინოს არა მხოლოდ სამართლებრივი მასალა, არამედ ყურადღება უნდა მიაქციოს არასამართლებრივ ცნებებს, რეალობას, რომელიც საქმის კონტექსტთანაა კავშირში (იხ. ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE)დასკვნა N11(2008) სასამართლოს გადაწყვეტილების ხარისხის შესახებ, §21-23).

სასამართლოს მხრიდან, ევროინტეგრაციისთვის საფრთხის შემქმნელი რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებით გამოწვეული სამართლიანი პროტესტის მნიშვნელობის გაუთვალისწინებლობა, მიუთითებს სასამართლო მართლმსაჯულების მიკერძოებაზე, უხარისხო სასამართლოს აქტზე, რამაც ლაზარეს შემთხვევაში გამოიწვია უსამართლო სასამართლო, დაარღვია მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო გლობალურ ასპექტში, სასამართლო დასცილდა თავისი მოქალაქეების სამართლიან მოთხოვნას, რომლებმაც და, მათ შორის, ლაზარემ, ხელისუფლებას მოსთხოვეს ქვეყნის განვითარების ევროინტეგრაციის კურსის დაცვა და ამ მიზნით მიმართეს მშვიდობიან პროტესტს.“, – წერს ის.


ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გადაწყვეტილებამ დამსწრე საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. სასამართლომ ფოიეში დაძაბული ვითარება, ხმაური და შეძახილები – „მონებო“ იყო.

დაცვის მხარე მოითხოვდა, მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 000 ლარის ოდენობით. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

ლაზარე გირგორიადისმა პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა.

პროკურატურის პოზიციით, მან აქციებზე – „არა რუსულ კანონს” სამართალდამცავების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ის ავტომანქანას. მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.