სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია 65 წელს მიღწეული პირისთვის აკადემიური თანამდებობის შეზღუდვა

პუბლიკა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო განჩინება საქმეზე „გიორგი გოროშიძე და ინდიკო აბაშიძე საქართველოს პარლამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წინააღმდეგ.“

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სადავო ნორმები, ერთი მხრივ, კრძალავდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირი არჩევას, ხოლო, მეორე მხრივ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შესაძლებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას ანიჭებდა ზემოაღნიშნული უნივერსიტეტების აკადემიურ საბჭოებს.

მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ გასაჩივრებულ რეგულაციას ჰქონდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტური შინაარსი და შუამდგომლობდა, სადავო ნორმის საქმის არსებითი განხილვის გარეშე, ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში შეფასებული თანამდებობის მსგავსად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობისთვის გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება მოითხოვს გონებრივ, ინტელექტუალურ რესურსს, რასაც არ აკნინებს ასაკის მატება. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმები იწვევდა არსებითად თანასწორი პირების – 65 წელს მიღწეული და 65 წელს მიუღწეველი პირების დისკრიმინაციულ დიფერენცირებას.

მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ სადავო რეგულაციით, იზღუდებოდა სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება, თუმცა მან არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტი სადავო რეგულაციის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №2/2/863 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტური შინაარსის შესახებ, ვინაიდან სადავო რეგულაცია, გამონაკლისის სახით, იძლეოდა შესაძლებლობას, 65 წელს მიღწეული პირები არჩეულიყვნენ აკადემიურ თანამდებობაზე. ამავდროულად, შეზღუდვის სავარაუდო ლეგიტიმურ მიზანს, უნივერსიტეტის ეფექტურად ფუნქციონირებასთან ერთად, წარმოადგენდა როტაციის პრინციპის უზრუნველყოფა.

საკონსტიტუციო სასამართლომ, სადავო ნორმები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმებად მიიჩნია და ძალადაკარგულად გამოაცხადა განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით.

საკონსტიტუციო სასამართლომ, განსახილველი ურთიერთობების საქმიანობის სფეროსა და დაკისრებული ფუნქციების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ როგორც აკადემიკოსის, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირის საქმიანობა, ძირითადად, გულისხმობს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები იმეორებდა №2/2/863 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს და არეგულირებდა არსებითად იდენტურ სამართლებრივ ურთიერთობას.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვისთვის საჭიროა, უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობებზე შეირჩნენ ისეთი კადრები, რომლებსაც გააჩნიათ ამ სფეროში საქმიანობის გამოცდილება და სიღრმისეული ცოდნა. ამგვარ უნარებს კი არათუ არ აკნინებს ასაკის მატება, არამედ ისეთ სპეციფიკურ და მეცნიერულ ცოდნაზე დამყარებულ სფეროში, როგორიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობაა, შესაძლოა, განაპირობებდეს კიდეც სწორედ წლების მანძილზე დაგროვებული გამოცდილება. ამავდროულად, არ გამოკვეთილა, რომ აკადემიური თანამდებობის განხორციელება ისეთ განსაკუთრებულ ენერგიასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას მოითხოვს, რომელიც, როგორც წესი, არ გააჩნიათ 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ №2/2/863 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას განაპირობებდა ის გარემოება, რომ არაგონივრული იყო აკადემიური თანამდებობის განხორციელების მოცემული ზღვრული ასაკით შემოსაზღვრა. აღნიშნული, პირიქით, გამოცდილი და შესაბამისი პროფესიული ცოდნის მქონე კადრის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შეზღუდვით, უარყოფით გავლენას მოახდენდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ხარისხზე. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განმწესრიგებელ სხდომაზე არ გამოკვეთილა ახალი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რაც არ შეფასებულა №2/2/863 გადაწყვეტილებით და გააჩენდა სადავო ნორმების არსებითი განხილვის ფორმატში შეფასების საჭიროებას.