სასამართლომ ბათილად ცნო და დაუსაბუთებლად მიიჩნია პარლამენტის თანამშრომლის გათავისუფლება - საია

პუბლიკა

პარლამენტის მიერ თანამშრომლისათვის შვებულების მიცემაზე უარის თქმა და სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია. ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

როგორც საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის მაისში თანამშრომელს დაუსაბუთებლად უთხრა უარი შვებულების გამოყენებაზე და სამსახურიდან გაათავისუფლა.

„სასამართლომ ბათილად ცნო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება და საქართველოს პარლამენტს დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი გადაწყვეტილების მიღება“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, მოსარჩელემ 2018 წლის 25 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს და მოითხოვა შვებულება ანაზღაურების გარეშე. მოსარჩელე უთითებდა, რომ სამუშაო ადგილას მის მიმართ შექმნილი იყო მტრული სამუშაო გარემო და იყო დისკრიმინაციის მსხვერპლი, რაზეც მიმდინარეობდა სასამართლო დავა. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მას სურდა, ესარგებლა ანაზღაურების გარეშე შვებულებით, ხოლო თუ მას არ მისცემდნენ ანაზღაურების გარეშე შვებულების გამოყენების უფლებას,  სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდა.

„ანაზღაურების გარეშე 1 წლამდე ვადით შვებულების გამოყენების უფლებას მას ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი ანიჭებდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტმა მას არ მისცა კანონით გათვალისწინებული შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა და სამსახურიდან გაათავისუფლა“, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.