თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბებიის მიმართ ძალადობასა და მუქარაზე ბრალდებული ნ.ს. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ქ. თბილისში, 2019 წლის 1 იანვრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ნ.ს-მ, რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ლოგინად ჩავარდნილ, უმწეო მდგომარეობაში მყოფ 88 წლის ბებიას – ა.ს-ს და სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნ.ს-ს ბრალდება 2019 წლის 19 დეკემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 2 ნაწილი „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ 1261-ე მუხლის 1 ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი)) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.