ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ბუსა ჟვანიას, რომელსაც პროკურატურამ ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინა, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბუსა ჟვანიას ადვოკატი ირმა ჭკადუა მისი დაცვის ქვეშ მყოფის 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა, პროკურატურის შუამდგომლობა კი პატიმრობა იყო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დაცვის მხარემ სხდომის დახურვა მოითხოვა. როგორც ადვოკატმა განმარტა, პროცესზე შესაძლოა დასაკითხ პირთა პერსონალური მონაცემები გაჟღერებულიყო, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, 2 აგვისტოს, გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე ლევან თოფაძეს საცხოვრებელი სახლის აივანზე ბუსა ჟვანიამ განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე. ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე.
ლევან თოფაძე საავადმყოფოში იმყოფება. ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, ბუსა ჟვანია კი კლინიკიდან დღეს გაეწერა.