ცესკოს ახალი დადგენილებები ISFED-მა და „ძლიერმა საქართველომ” სასამართლოში გაასაჩივრეს და მათი გაუქმება მოითხოვეს.
პროცესი დღეს, 6 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.
„ძლიერი საქართველოს“ ადვოკატის, თორნიკე ართქმელაძის განცხადებით, ისინი გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„ქართულ სასამართლოში სამართლის პოვნა შეუძლებელია, როცა ეს ხელისუფალს არ სურს – დღეს არის ამის დასტური. სასამართლო დარბაზში მოყვანილ იქნა არაერთი არგუმენტი, კანონის პირდაპირი ჩანაწერი, რომ დადგენილება ეწინააღმდეგებოდა კანონის ჩანაწერს.
თუმცა, მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როდესაც კანონს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და განსაკუთრებით სასამართლოში არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა აუცილებლად გავასაჩივრებთ და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რაც გაგვაჩნია, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველას გავაგებინოთ თუ როგორ აყალბებს არჩევნებს “ქართული ოცნება”, როგორ გააყალბა ეს არჩევნები 26 ოქტომბერს და როგორ ცდილობს მომავალი არჩევნების გაყალბებას”. – თქვა თორნიკე ართქმელაძემ.
3 აპრილს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცვლილებები შეიტანა სამ დადგენილებაში.
ცვლილება შევიდა 2023 წლის 6 თებერვლის დადგენილებაში „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“. ამ დადგენილებას ემატება კიდევ ერთი პუნქტი, რომლითაც:
„კენჭისყრის ჩატარებისას, გარდა საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერი პირის მიერ დაუშვებელია:
- კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება;
- ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა;
- ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატზე გამოტანილი ამომრჩევლის მონაცემების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩევლის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრისა და ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტო-ვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება“.
„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე ამბობს, რომ ეს ცვლილება ზღუდავს კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობას.