მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ირაკლი პაპიაშვილს – 8 წლით.
პროკურატურა გიორგი ჩიკვაიძესა და ირაკლი პაპიაშვილს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავებოდა. მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაითვალისწინა.
გიორგი ჩიკვაიძის დედის, ეკა წერეთლის თქმით, დღეს შვილის სასამართლო დარბაზში მიყვანას არ ელოდებოდა.
„მოიყვანეს იმისთვის, ეტლს მიჯაჭვული ადამიანი უმძიმეს მდგომარეობაში, რომ ეთქვათ, რომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს”. – თქვა მან.
ირაკლი პაპიაშვილს სასამართლო დარბაზშივე დაადეს ხელბორკილები. მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული.
ადვოკატ თემურ ადონიას თქმით, გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან დავა, რის ფარგლებშიც ჩიკვაიძის და პაპიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო, რეალურად სამოქალაქო საქმეა.
ირაკლი პაპიაშვილის ნაწილი არის ერთადერთი – ვალის აღიარებაზე აქვს ხელი მოწერილი, თანხა აქვს დაბრუნებული. შესაბამისად, სამოქალაქო საქმეზე დადგა სისხლის სამართლის განაჩენი”. – თქვა ადვოკატმა.
დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება – გირაო პატიმრობით შეუცვალა. მის ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილს კი გირაო ძალაში დაუტოვა.
12 მარტიდან გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო და 30 დღის განმავლობაში იშიმშილა. დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ეტლით გაადგილდება.
გიორგი ჩიკვაიძემ არაერთხელ ილაპარაკა მისი ფიზიკური ლიკვიდაციის რისკზე.
გიორგი ჩიკვაიძე არის „აზიმუტ იახტები საქართველოს“, „რამზეს იახტსის“ და „რამზეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმის“ დამფუძნებელი და დაკავებულია იახტების შემოყვანითა და გაყიდვით.
წარსულში ჩიკვაიძე „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყო და ამას ტელეეთერებშიც გამოხატავდა.
ბიზნესმენმა ზეწოლაზე ლაპარაკი 2024 წლის სექტემბერში დაიწყო – 12 სექტემბერს მან „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ ზეწოლის შესახებ ისაუბრა.
კერძოდ, გიორგი ჩიკვაიძის თქმით, „2022 წელს მათ მისცეს ანტისახელმწიფოებრივი დავალება, რაზეც უარი თქვეს“. ბიზნესმენს არ უთქვამს, ვისგან მოდიოდა დავალება ან რას გულისხმობდა ის, მაგრამ სწორედ ამ დავალებაზე უარს მოჰყვა ზეწოლა. ჩიკვაიძემ თქვა, რომ ზეწოლაში მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილის ძმასთან, ალექსანდრე ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენი ელგუჯა თურმანიძე.
გიორგი ჩიკვაიძემ 2024 წლის სექტემბერში „ტვ პირველთან“ თქვა, რომ ელგუჯა თურმანიძემ „ყველაფერი გააკეთა, რომ მისი და ირაკლი პაპიაშვილის მეგობარი გამხდარიყო“. როგორც ჩიკვაიძემ თქვა, მისმა კომპანიამ გააფორმა შესყიდვის ხელშეკრულება თურმანიძის კომპანიასთან და გარკვეული პერიოდი „ყველაფერი გრძელდებოდა ჩვეულებრივად“.
თუმცა შემდეგ, როგორც ბიზნესმენი ჰყვება, ელჯუგა თურმანიძემ მას ჯერ ნარკოტიკების მოხმარება შესთავაზა, შემდეგ კი – „ფულის გათეთრება“, რის გამოც მან და მისმა პარტნიორმა თურმანიძისადმი ნდობა დაკარგეს და კონტაქტიც გაწყვიტეს.
ამასთანავე, როგორც ჩიკვაიძე ამბობს, მათ ელგუჯა თურმანიძეს უთხრეს, რომ თანხას დაუბრუნებდნენ.
„ორი კვირა ვთხოვდით, მოეცა საშუალება, რომ ეს ოპერაცია დასრულებულიყო და თანხა დაბრუნებულიყო. მაგრამ მან მოინდომა შემდეგი: თანხას დამიბრუნებთ ესპანეთში ქეშის [ნაღდი ფულის] სახით, ან ესტონეთში კონკრეტული კომპანიის ანგარიშზეო.
ამის შემდეგ მას არ ველოდებით, ვრიცხავთ [ქართულ] კომპანიაში თანხის პირველ ტრანშს. მეორე დილით გვირეკავს აჭარის საოლქო პროკურატურის ელიტური ნაწილი, რომ ჩვენ წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება და უნდა ჩავიდეთ ბათუმში“.
2024 წლის სექტემბერში „რადიო თავისუფლება“ ესაუბრა ელგუჯა თურმანიძესაც, რომლის თანახმადაც:
ელგუჯა თურმანიძე ფლობს სამშენებლო კომპანია ETS Building-ს, რომელიც ბათუმში, ზღვის სანაპიროზე მშენებარე კორპუსთან გეგმავდა იახტკლუბის, იახტებისათვის პლატფორმის მოწყობას.
თურმანიძემ კი არ მიმართა ჩიკვაიძეს, არამედ თავად ჩიკვაიძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა წარუდგინეს თავი, როგორც იახტების შემომყვანებმა საქართველოში, რის შემდეგაც გაფორმდა ხელშეკრულება იახტის ჩამოყვანაზე;
მათ თურმანიძე წაიყვანეს იტალიაში, „აჩვენეს, ამა და ამ იახტას გიყიდით, ამა და ამ ფასად ჩამოგიყვანთო“.
„შემდეგ თითქოსდა შეიძინეს, შემდეგ თქვეს, რომ პრობლემებია და იახტა საქართველომდე ვერ მოდისო. საბოლოოდ, იახტა ვერ ჩამოიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე გადავადდა კონტრაქტით გათვალისწინებული თარიღი“.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ადვოკატის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება იყო 415 000 ევრო, რაც გადაიხადეს, ჩიკვაიძემ და მისმა პარტნიორმა კი 2024 წლის იანვარში მხოლოდ ნაწილი, 50 000 ევრო დააბრუნეს.
„დარჩა დაახლოებით 365 ათასი ევრო, რაც დღემდე არ გადმოურიცხავთ“. – ამბობს ადვოკატი „რადიო თავისუფლებასთან“.