სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ნინო დათაშვილისთვის ფსიქიკური ექსპერტიზის ჩატარებაზე - ადვოკატები

პუბლიკა

ნინო დათაშვილის ადვოკატების ცნობით, ნინო დათაშვილის ადვოკატების თქმით, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის უსაფუძვლო შუამდგომლობა ნინო დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ. დათაშვილის მხრიდან უარის შემთხვევაში კი გათვალისწინებულია იძულების ზომებიც.

„პროკურატურამ მოითხოვა ნინო დათაშვილისთვის შერაცხადობის საკითხის გამორკვევა ყველანაირი კრიტერიუმის და ობიექტური საფუძვლის არსებობის გარეშე.

სასამართლომ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა, მან არ მისცა ნინო დათაშვილს პროცესში მონაწილეობის უფლება, რადგან ნინოს არ ჰქონდა ინფორმაცია, რა განიხილებოდა მის წინააღმდეგ და სასამართლომ განაცხადა, რომ თუ ნინო დათაშვილი იქნება წინააღმდეგი ექსპერტიზის ჩატარებაზე, გამოყენებულ იქნას მის მიმართ იძულების პროპორციული ღონისძიებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სასმართლომ ნინო დათაშვილის არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა“, – განაცხადა თამარ გაბოძემ, ნინო დათაშვილის ადვოკატმა.

თამარ გაბოძის თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ პროკურატურის შუამდგომლობა დაეფუძნა თავად დაცვის მხარის მიერ წარდგენილ სამეციდინო ჩანაწერებს, რომელშიც მკაფიოდ არის მითითებული, რომ ნინო დათაშვილს რთული ფიზიკური მდგომარეობის – ხერხემლის დაზიანების გამო ჰქონდა მომატებული ემოციები, ტირილი.

ეს იყო მისი ფიზიკური მდგომარეობის თანმდევი სიმპტომი და არა რაიმე ტიპის დიაგნოზი. პროკურატურამ კი ეს ჩანაწერები გამოიყენა იმისთვის, რომ უსაფუძვლოდ მიემართა სასამართლოსთვის და ამ გზით მოეხდინა ერთი მხრივ ნინო დათაშვილის დისკრედიტაცია, მეორე მხრივ კი ის დაეტოვებინა პატიმრობაში.

„პროკურატურის შუამდგომლობა ეფუძნება სამედიცინო ჩანაწერებს, რომელიც დაცვის მხარემ პირველ წარდგენის სხდომაზე გაუცვალა პროკურატურას, სადაც აღნიშნულია, რომ ნინო დათაშვილს აქვს ხერხემლის დაზიანების ძალიან მძიმე დიაგნოზი – მას აქვს მალთაშუა დაზიანება, ამასთან ერთად აქვს თიაქარი, რადიკულიტი და თანხმლებ სიმპტომად მითითებულია ემოციური ლაბილობა. 

ნინოს ხერხემლის დაზიანებიდან გამომდინარე მას აღენიშნებოდა ემოციური ლაბილობა – ტირილი, ემოციის მატება, რაც არც ერთ შემთხვევაში არ არის დიაგნოზი, ეს არის სიმპტომი და თან ახლავს ნინოს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. 

ეს ცნობილი იყო პროკურატურისთვის პირველი წარდგენიდან და ამის შემდეგ გამოძიებამ ორი თვის განმავლობაში არაფერი იღონა, რომ ნინოს ჯანმრთელობიდან გამომდინარე მიეღო ზომები, რომელიც აუცილებელი იყო ნინოს უფლებებისთვის.

ხოლო მაშინ, როდესაც ფაქტობრივად დასრულდა გამოძიება და წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურას ევალებოდა, რომ უფრო მაღალი სტანდარტით დაესაბუთებინა ნინო დათაშვილის პატიმრობის გაგრძელების აუცილებლობა, მან მიმართა ასეთ ხერხს და უკანონოდ მოითხოვა ნინოს ფსიქაიტრიულ დაწესებულებაში მოთავსება 20 დღის ვადით. რაც ნიშნავს, რომ ნინოს პატიმრობა გაახანგრძლივოს, ამჯერად ფსიქიატრიულ დაწსებულებაში“, – თქვა თამარ გაბოძემ სასამართლოს წინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.


სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ნინო დათაშვილს პროკურატურამ ბრალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმის წარმოება ნინო დათაშვილის მიმართ შსს-მ 11 ივნისს დაიწყო, ხოლო 20 ივნისს დააკავეს.

საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარს. ამ დღეს ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ დროს იმყოფებოდა, როცა სინდისის 8 პატიმრის პროცესი მიმდინარეობდა.

დათაშვილი ამბობდა, რომ პირველ დარბაზთან, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, მეგობრის ნახვა სურდა, თუმცა მანდატურმა მას ამის საშუალება არ მისცა.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ამის შემდეგ ნინო დათაშვილი პროტესტის ნიშნად ფანჯარასთან, რაფაზე ჯდება და იწყება სიტყვიერი დაპირისპირება დათაშვილსა და მანდატურს შორის, რის შემდეგაც მანდატური იწყებს ადგილიდან მის ძალით გაყვანას.

ნინო დათაშვილი კვლავ იმეორებს და მოუწოდებს მანდატურს, უთხრას, კანონის რომელი მუხლის საფუძველზე ეკრძალება ადგილზე ყოფნა.

ამის შემდეგ ადგილზე ჩნდება რამდენიმე მანდატური, რომლებსაც ძალის გამოყენებით მიჰყავთ დათაშვილი. კადრში ჩანს როგორც სიტყვიერი დაპირისპირება, ასევე ფიზიკური შეხლა-შემოხლა.

საბოლოოდ, მანდატურებმა ნინო დათაშვილი ძალის გამოყენებით გაიყვანეს და სასამართლოს შენობა დაატოვებინეს.