სასამართლომ დინარა ვაჩნაძის მუზეუმიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის დინარა ვაჩნაძის გათავისუფლება დაკავებული პოზიციიდან.  ინფორმაციას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ავრცელებს.

განცხადების თანახმად, გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობასთან ერთად, სასამართლომ მოპასუხე მხარეს კომპენსაციისა და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.

დინარა ვაჩნაძის ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა.

„დინარა ვაჩნაძე ერთ-ერთია კულტურის სექტორის იმ 70-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ მასობრივი საკადრო წმენდის მსხვერპლი გახდა.

სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი პოზიცია, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა დინარა ვაჩნაძის კომპეტენციას. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ პროცესზე მოპასუხე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც რეორგანიზაციისას, თანამშრომელთა ობიექტურ და სამართლიან შერჩევა-შეფასებას დაადასტურებდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, მოსარჩელე 2006 წლიდან მუშაობდა ეროვნულ მუზეუმში, ხოლო 2017 წლიდან თბილისის კოლექციებისა და ეროვნული საგანძურის მართვის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა.

„მასობრივი გათავისუფლებებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება პირველ პრეცედენტს წარმოადგენს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება კულტურის სფეროს სხვა გათავისუფლებულთა შრომითი დავებისთვის, რომელთაც უახლოეს თვეებში განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო“, – წერია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.