სასამართლომ ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 3000 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

TV პირველის ჟურნალისტ გიორგი მამნიაშვილს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

გიორგი მამნიაშვილს შსს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი ინგოროყვას ქუჩაზე 22 ნოემბერს დააკავეს. „TV პირველის“ ცნობით, ის აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. იმავეს ამბობს გიორგი მამნიაშვილიც.

მისი თქმით, დაკავების მომენტში პოლიციას უთხრა, რომ ჟურნალისტი იყო და პრესბარათიც აჩვენა. მისი თქმით, აქციაზე მოქალაქეების დაკავებას იღებდა, სამართალდამცველებმა მისი ტელეფონის დაგდება სცადა, შემდეგ კი პოლიციის მაღალჩინოსანმა, ლაშა სალუქვაძემ თქვა, რომ ისიც დაეკავებინათ.

„აქ რა მინდა, არ ვიცი, სამართალდარღვევა არ ჩამიდენია. პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი. პრესბარათი ვაჩვენე დაკავებისას [პოლიციას] და ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი… დაკავების მომენტში ვიღებდი სხვა დაკავებულების ვიდეოს, რომლებიც ჩემს წინ დააკავეს – ესენი არიან ცოტნე მირცხულავა და თუ არ ვცდები ლუკა ჭოხონელიძე, რომლებსაც მივყვებოდი ტელეფონით. ვიდეოს გაგზავნა ვერ მოვასწარი, ჩემი დაკავებაც ამ ვიდეოზეა ასახული და გამითიშეს ტელეფონი. […] რომლის გადაღებაც და გაგზავნაც მოვახერხე ჩათში, თქვენც რომ აღიქვათ მოცემულობა, რომ ნამდვილად ვმუშაობდი, იყო მარიამ მეყანწიშვილის დაკავება. ამის შემდეგ ცოტნე და ლუკა დააკავეს, ამათ მივყვებოდი კადრით, სამართალდამცველმა ჩემი ტელეფონის დაგდება სცადა, რომელიც კადრშიც ჩანს, დაინახვდით ალბათ, ამის შემდეგ ისმის ლაშა სალუქვაძის წამოძახილი – ეგეც მიაყოლეთ თუ ეგეც დააკავეტო, რაც ჩემს ვიდეოშიც ისმის, დარწმუნებული ვარ“.

შსს-ს პოზიციით, გიორგი მამნიაშვილი არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, იგინებოდა უმისამართოდ და არ ემორჩილებლოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ხელი არ შეეშალა მათთვის სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებაში.

უწყების წარმომადგენლის თქმით, ჟურნალისტთა ქცევის კოდექსი ჟურნალისტებს ავალდებულებს, რომ იდენტიფიცირებადი იყოს. ასევე შსს-ს თქმით, თუ ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა არ გამორიცხავს სამართალდარღვევის ჩადენას.

დაიკითხა მოწმე პოლიციელი ნიკა შიუკაშვილი, რომელმაც თქვა, რომ გიორგი მამნიაშვილი დაკავებების დროს პოლიციის მანქანასთან მიდიოდა და მობილურით ვიდეოებს იღებდა. მისი თქმით, რამდენჯერმე გადასწიეს, რა დროსაც შეიგინა უმისამართოდ და ამის შემდეგ დააკავეს.

მოსამართლე ცეკვავა დაინტერესდა, ხომ არ უთქვამს მამნიაშვილს, რომ ჟურნალისტია, ჰქონდა თუ არა მიკროფონი და სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, რაზეც მოწმემ თქვა, რომ არა. მოწმის თქმით, პირადი გასინჯვის დროს ნახეს სამსახურებრივი საბუთი.

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ დააკმაყოფილა გიორგი მამნიაშვილის თხოვნა და დაათვალიერა ჟურნალისტის დაკავებამდე მის ტელეფონში გადაღებული ბოლო ვიდეო, სადაც ისმის, როგორ ეუბნება გიორგი მამნიაშვილი პოლიციელებს, რომ ჟურნალისტია და მუშაობს. ამავე ვიდეოში ისმის, რომ მამნიაშვილი მოქალაქეების დაკავების შესახებ შეკითხვებს სვამს. ამ ვიდეოში არ ისმის მისი მხრიდან გინება.

დაცვის მხარემ ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტას მოითხოვა.

საბოლოოდ, მოსამართლე ცეკვავამ განაცხადა, რომ სარწმუნოდ არ მიიჩნია, რომ გიორგი მამნიაშვილი ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდა და ჟურნალისტი სამართალდამრღვევად ცნო.

გარდა ამისა, დღესვე სასამართლომ განიხილა 22 ნოემბერს აქციის დაკავებულ მონაწილეთა საქმეები. შსს მათ 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებები შემდეგია:

  1. გიორგი ბალხამიშვილი – 5 დღე
  2. სოფო მარკოზია 3000 ლარი
  3. გიორგი სავანელი – 5 დღე
  4. ლუკა ჭოხონელიძე – 5 დღე
  5. ცოტნე მირცხულავა – 5 000 ლარი
  6. ლიდა ცომაია – 2 000 ლარი
  7. მარიამ მეყანწიშვილი – გადაიდო
  8. ოთო ირემაძე – 3 000 ლარი
  9. დავით გუნაშვილი – 5 დღე