სასამართლომ ძალადობრივი ჯგუფის წევრს ბავშვის ფოტო-ვიდეო მასალის გამოყენება აუკრძალა

პუბლიკა

„შსს-ს უმოქმედობის შემდეგ, სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო და ალტინფოელი ხატია ჯანაშიას მიმართ დამცავი ორდერი გამოსცა“- წერს ეკონომისტი გიორგი კეპულაძე. ის აღნიშნავს, რომ მისი შვილის საქმე სახვა ბავშვების უფლებების დაცვისთვისაც მნიშვნელოვანია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრორუსულ, ჰომოფობიურ და ძალადობრივ „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული და მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ წევრის, ხატია ჯანაშიას წინააღმდეგ დამცავი ორდერი გამოსცა. მოსამართლე ნათია ბუსკაძის გადაწყვეტილებით, ხატია ჯანაშიას „ფორმულას“ ჟურნალისტ ელისო ჯარიაშვილის და ეკონომისტ გიორგი კეპულაძის არასრულწლოვანი შვილის ფოტო-ვიდეო მასალის გამოყენება და ბავშვთან მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი ინფორმაციის გასაჯაროება აეკრძალა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვის მიმართ დამცავი ორდერი გამოიცა. არასრულწლოვანის მშობლები ამბობენ, რომ შსს-ს უმოქმედობის შემდეგ სასამართლომ შექმნა პრეცენდენტი.

„მიუხედავად არსებული სასამართლო კლანისა, მოსამართლემ ვერ გაბედა უარი ეთქვა, ბავშვის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ არ გამოეცა შემაკავებელი ორდერი, იმიტომ, რომ ეს იყო ნათელი მაგალითი, როგორ ძალადობრივმა ჯგუფებმა როგორ დააყენეს საფრთხის ქვეშ ბავშვის უსაფრთხოებაც კი. სასამართლომ შექმნა პრეცენდენტი ჩვენი სარჩელით, საქმით და ამ გამარჯვებით, რომ ჰომოფობიური ჯგუფები გამოცხადდნენ მოძალადეებად. ეს არის ჩემი სამართლებრივი დავის მხოლოდ ერთი ეპიზოდი. დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონსტრაციულად, სწორედ იმიტომ, რომ მე წარმოვადგენ „ფორმულას“,  ვარ კრიტიკული ჟურნალისტი, დემონსტრაციულად უარი მითხრა ბავშვის დაცვაზე“, – ამბობს ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ელისო ჯარიაშვილი.

ბავშვის ინტერესებს ორგანიზაცია „პატრნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იცავდა. როგორც PHღ-ის იურისტი ანა თავხელიძე „ფორმულასთან“  ამბობს, სასამართლომ თქვა, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას, რაც შსს-მ არ აღკვეთა.

„სასამართლომ თქვა, რომ ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი არის ბავშვის უფლებადამრღვევი და ბავშვზე მოძალადე, რითაც ასევე სასამართლომ დაადასტურა, რომ არსებობდა ბავშვის მიმართ ძალადობის განხორციელების მაღალი რისკი, რის შესახებაც გაცილებით ადრე ჰქონდა ინფორმაცია შსს-ს. სამინისტრომ მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, რომ თითქოს ბავშვის დედა ან ბავშვის ადვოკატები არ თანამშრომლობდნენ სისტემასთან. არაერთგზის მივმართეთ მათ, მოვითხოვეთ შემაკავებელი ორდერი, თუმცა სამინისტრომ დემონსტრაციულად თქვა უარი ბავშვი უფლების დაცვაზე. სასამართლომ თქვა, რომ ბავშვის მიმართ ძალადობას ჰქონდა ადგილი, რისი აღკვეთაც ევალებოდა შსს-ს და მათ ეს არ გააკეთეს”, –  ამბობს ის.

მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ წევრმა და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერმა, ხატია ჯანაშიამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ჰომოფობიური შინაარსის ვიდეო, სადაც არასრულწლოვანის კადრები სულ სხვა კონტექსტში იყო გამოყენებული.