სასამართლომ ეკა კვესიტაძეს „რუსთავი 2-ის" სასარგებლოდ 25 000 ლარის გადახდა დააკისრა

პუბლიკა

სასამართლომ ეკა კვესიტაძის სარჩელი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-დან” მისი გათავისუფლების უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და მოსარჩელეს სამაუწყებლო კომპანიის სასარგებლოდ 25 000 ლარის გადახდა შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაეკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

„საია იცავდა ჟურნალისტ, ეკა კვესიტაძის ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმეში. მოსარჩელე 2019 წელს გათავისუფლდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2-დან”. სარჩელით ჟურნალისტი ითხოვდა დისკრიმინაციული მოტივების გამო მიღებული გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების (დავალიანების და საშვებულებო პერიოდის ანაზღაურების) გადახდას. საქმეს იხილავდა მოსამართლე ზაალ მარუაშვილი.

დღეს, 10 ივნისს პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სასამართლომ ეკა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება მიიჩნია კანონიერად და სამაუწყებლო კომპანიას დააკისრა მხოლოდ ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების გადახდა. ამის პარალელურად მოსარჩელეს სამაუწყებლო კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა 25 000 ლარის გადახდა შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, რაც გულისხმობდა ჟურნალისტის ახლადშექმნილ სამაუწყებლო კომპანიაში („მთავარი არხი“) მუშაობის გაგრძელებას…

საიასთვის სრულიად მიუღებელია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებისას გაჟღერებული პოზიციები. მას შემდეგ რაც მხარეს ჩაბარდება დასაბუთებული გადაწყვეტილება, მოსარჩელე მას გაასაჩივრებს სააპელაციო წესით. იმედს ვიტოვებთ, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები მიიღებენ დასაბუთებულ და კანონიერ გადაწყვეტილებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე;