წყალტუბოს სასამართლომ ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია, ENKA, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებითა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობაში სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა.
როგორც საიას იურისტი „პუბლიკასთან” საუბრისას განმარტავს, სასამართლომ ENKA სამართლადამრღვევად ცნო, როგორც 2020 წლის 28 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შეუსრულებლობაში, ასევე 2015 წელს გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზით განსაზღვრული პირობების დარღვევაში.
„მაგალითად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული იყო, რომ პერიოდულად სამინისტროსათვის „ენკას“ უნდა წარედგინა ინფორმაცია, მშენებლობის დაწყებამდე განსაზღვრული კვლევების ჩატარების შესახებ. აღნიშნული არ წარუდგენია.
ასევე, განსაზღვრული იყო, რომ როდესაც მშენებლობის პროცესში წარმოიქმნებოდა ნარჩენები, განსაზღვრულიყო სანაყაროების გეგმა, სად განთავსებულიყო, ეს ნარჩენები, რომლებიც მშენებლობის დროს წარმოიქმნებოდა, რომ პირდაპირ რიონის ხეობაში არ მოხვედრილიყო. გეგმაც ამ საქმეზე არ ყოფილა წარდგენილი”, – ამბობს ადვოკატი.