„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნანა შამათავამ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე “გრიგოლ ლილუაშვილი შპს “ფორმულას”, შპს “მთავარი არხის” და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ.” სასამართლომ დააკმაყოფილა გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელი და შესაბამისად დაადგინა მის მიმართ ცილისწამების ფაქტი.
საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელს, რომლითაც მან სადავოდ გახადა შპს „ფორმულას“ და შპს „მთავარი არხის“ ეთერში გავრცელებული განცხადებები, რომლებიც დანაშაულებრივ სქემაში, ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და მისი როგორც ამ უწყების ხელმძღვანელის სავარაუდო ფიგურირებას უკავშირდება.
„სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაიზიარა მედიის წარმომადგენლების პოზიციები, ხოლო შედეგად, მოსამართლე დაეთანხმა მოსარჩელეს და აღნიშნა, რომ ჟურნალისტის მიერ გაკეთებული განცხადებებით მოსარჩელეს შეელახა პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. “
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საყურადღებოა, რომ სასამართლო დავის მიმდინარეობისას დამატებით რამდენიმე ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა:
-
მოსამართლემ სუს-ის ხელმძღვანელის სარჩელის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა და მსგავსი კატეგორიის საქმეების განხილვის პრაქტიკისგან განსხვავებით, არაორდინალურად სწრაფად, შემჭიდროებულ ვადებში, სარჩელის შეტანიდან ორ თვე ნახევარში განიხილა;
-
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოპასუხე ტელეკომპანიების და დეპუტატის თითქმის არც ერთი შუამდგომლობა, მათ შორის შუამდგომლობები საქმის შეწყვეტასთან და მტკიცებულების დართვასთან დაკავშირებით;
-
სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში, რომ სახეზე არ გვაქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომელიც განცხადების ცილისწამებლურად აღიარების შესაძლებლობას იძლევა. მათ შორის, არ დასტურდება ზიანი, რომელიც მოსარჩელეს მიადგა გავრცელებული განცხადებებით და მოსარჩელემ ვერც ის დაამტკიცა, რომ მოპასუხეები მოქმედებდნენ აშკარა და უხეში დაუდევრობით;
-
მოსარჩელემ თავისი პოზიცია დაამყარა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებების მანიპულაციურ განმარტებებს, რაც სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენდა;
-
სასამართლომ არ გაითვალისწინა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებით გამოწვეული საფრთხეები. მათ შორის ყურადღება არ გაუმახვილებია იმაზე, რომ სარჩელი შეტანილია სუს-ის ხელმძღვანელის მიერ, რომელსაც მედიაში გავრცელებული კრიტიკული მოსაზრებების მიმართ მეტი თმენის ვალდებულება გააჩნია.