დღეს, 3 სექტემბერს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 11 პირის საქმეზე განაჩენი გამოიტანა, ყველა ბრალდებული, მათ შორის, ანდრო ჭიჭინაძე დამნაშავედ ცნო და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
განაჩენის გამოტანამდე ანდრომ საბოლოო სიტყვა თქვა, რომელსაც სრულად გთავაზობთ:
„მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მხრიდან გპატიობთ იმას, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ჩემ მიმართ აკეთებდით ამ 9 თვის განმავლობაში. ამ შემთხვევაში არ ვიყენებ სიტყვას – ჩვენ, არ მაქვს უფლება.
თუმცა ამ პატიებას მოსდევს თხოვნა. თქვენ ამ ხნის განმავლობაში ძალიან ცუდი საქმეები აიღეთ. ყველამ ვიცით და გვესმის, რომ თქვენ ამ შემთხვევაში იარაღი ხართ და არა გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები. თქვენ არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებთ. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, თხოვნა მდგომარეობს შემდეგში – უბრალოდ, ნუღარ აიღებთ ისეთ საქმეებს, სადაც ასეთი ადამიანების ციხეში გაშვებაში მიიღებთ მონაწილეობას. ბატონო მოსამართლევ, თქვენც გეხებათ ეს.
არ ვიცი, შეიძლება ჩემი აღქმებია ბრალია, მაგრამ მე მაინც რატომღაც ამდენი ხანი გიყურებთ და თქვენ მემგონი, არ გსიამოვნებთ რასაც აკეთებთ. ყველაზე ნაკლებად ეს ბატონ ვახტანგს [ცალუღელაშვილი] ეხება, ბატონ ვაჟას [თოდუა] მეტად.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბევრ უსამართლობას შეიძლება შეეჯახო ცხოვრებაში და ეს არ უნდა იყოს იმის განმაპირობებელი, რომ ადამიანურობის და ადამიანების რწმენა დაკარგო. ამიტომ ეს თხოვნა აქედან გამომდინარეობს. ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის შესაძლებლობა და შანსი, რომ რაღაც საქმით ის შეცდომები რაც დაუშვა, გამოასწროს”, – თქვა მან.
რა ჯანდაბა არის ეს პროტესტი? რა თქმა უნდა, ბრჭყალებში, ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი არის შინაგანი შეგრძნება… ვეცდები პასუხი გავცე…
ალბათ პროტესტის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია კრიტიკული აზროვნება და ეს შეგრძნება შეიძლება გაჩნდეს საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის უკეთესი სურვილისთვის. დავარქვათ მოქალაქის პროტესტი, უფრო გასაგები რომ გახდეს და ამის განმაპირობებელია ის, რომ სხვისთვის ან საკუთარი თავისთვის გინდოდეს უკეთესი, სხვისი წუხილის გაზიარებას სოლიდარობა ეწოდება და ეს არის ყველაზე ადამიანური ჟესტი, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს და ჩვენ ვხედავთ ამის მაგალითებს.
როდის შეიძლება ეს შეგრძნება გაჩნდეს და რატომ? – მინდა მოვყვე ჩემს გამოცდილებაზე, როგორ და როდის გაჩნდა ეს შეგრძნება.
12 წლის ასაკში, ეს ის პერიოდია, როცა სანდრო გირგვლიანი მოკლეს, ჩემი ახლობელია. ერთ-ერთი მიზეზი და გაურკვევლობა უკავშირდებოდა იმას, რომ არ ისჯებოდნენ ის პოლიციელები და მაღალჩინოსნები და რატომ ვერ გამოხატავდა ხალხი პროტესტს იმ ფორმით და იმ დოზით, ამას აქვს მარტივი პასუხი და ჰქვია შიში. მთავარი მიზეზი იყო შიში.
ზუსტად ამ პერიოდში დავპირდი საკუთარ თავს ბავშვურად, რომ ნებისმიერ რამეს რაც საჭირო იქნება ყოველთვის ვიტყვი, ანუ ჩემს სიმართლეს ვილაპარაკებდი ყველგან და ცემს მთავარ მტერს შეშინებულ საკუთარ თავზე არ გავამარჯვებინებდი. რა თქმა უნდა, ბევრჯერ დავმარცხდი, მაგრამ კიდევ უფრო მეტჯერ გავიმარჯვე და ეს ყველაზე უფრო ადამიანური ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე.
იმ პერიოდის მერე ძალიან ბევრჯერ გახდა საჭირო საკუთარი აზრის გამოხატვა ქუჩაში თუ სხვა ფორმით, როგორც წინა ისე ახლანდელი ხელისუფლების პერიოდში და იშვიათად მახსენდება ვინმე ამ პროტესტს ითვალისწინებდეს, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც სოლიდარობამ შედეგი მოიტანა და პირველ რიგში თავში მომივიდა ახლა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის ბრძოლა და მათი მშობლების გამარჯვება. […]
როცა ხალხი ერთიანდება, ეს საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა იქნება, 13 ივნისის ტრაგედია თუ ევროპის ჩემპიონატზე წარმატება, ისევ ქართველის ხელით, ან სამოქალაქო ომი იწყება ან ხდება რამე, რაც ხალხს ხელოვნურ ჰყოფს – ეს რუსული პოლიტტექნოლოგიების შედეგია, რაშიც უბრალოდ ბადალი არ ჰყავთ.
ზუსტად ამ სცენარის ნაწილია 28 ნოემბერიც, სადაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დეკლარირებულად გადაუხვია კონსტიტუციას და შეაჩერა ევროკავშირთან მოლაპარაკებები, რაზეც ძალიან ბუნებრივად ხალხს ჰქონდა უარყოფითი რეაქცია. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ ვიყავით და ვართ ევროპული ცივილიზაციის წარმომადგენლები ჩვენი კულტურით, რელიგიით, თვითმყოფადობით და ა.შ.
გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე არსებობს სხვადასხვა კულტურებიც, თუმცა, თუ ვთანხმდებით, რომ თუ ვამაყობთ „ვეფხისტყაოსნით”, ვამაყობთ ჩვენი დიდი ხნის ფასეულობებით და ეს ფასეულობები წმინდა ეროვნული ფასეულობებია, რომლებიც დღეს გვინდა, რომ ინსტიტუტების დონეზეც გაიმართოს, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანას მიიყვანს განვითარებისკენ, როგორც ეკონომიკურად, ისე ინსტიტუცურად, სადაც ადამიანის უფლებებზე და კანონის უზენაესობაზე იქნება დაშენებული ის სიკეთეები, რაზეც ყველა ვთანხმდებით, რომ გვინდა, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ.
სამწუხაროდ, ხელოვნურად მიდის ამ შესაძლებლობებზე თავდასხმა, უამრავი დეზინფორმაციით, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს.
28 ნოემბერს ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის წუხილი გამოიწვია ამ განცხადებამ, რადგან მანამდეც ჩანდა და მერე კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მთავრობაში არიან, ამ შესაძლებლობის გამოყენება არ უნდათ, რაც ჩვენს შვილებს უნგრევს ღირსეულ მომავალს, რომელიც სამართლიანობით და კეთილდღეობით იქნება გამყარებული.
მოდით, დავსვათ კიდევ ერთი კითხვა: აბა ჰკითხეთ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას, რომელმა დათმო თავისი სუვერენიტეტი? პასუხია – 0.
28 ნოემბერს, როცა ეს განცხადება მოვისმინე, აბსოლუტურად არავისთვის არ მითქვამს, ახლომდებარე ტერიტორიაზე ვიყავი და წავედი რუსთაველზე, სადაც დაახლოებით 2 საათში შეიკრიბა დაახლოებით 100 ათასი კაცი და ამ ადამიანებს აერთიანებდათ უსამართლობის შეგრძნება, ისევე, როგორც მე. უსამართლობაზე მეტად არაფერი არ მეზიზღება.
სწორედ ეს შეგრძნება იყო იქ ჩვენი ყოფნის მიზეზი. ძალიან ცოტა რამეზე ვართ, როგორც ერი, შეთანხმებული. ეს ერთ-ერთი რამეა, რაზეც შეთანხმებული ვართ, რომ ეს, ანუ ევროკავშირის გზა უნდა აგვერჩია.
ამასობაში მოვიდნენ ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრები, ნაცნობები, დაახლოებით 200-300 ნაცნობი შემხვდა. პირველი სკოლის ტერიტორიაზე ვიყავით და მშვიდობიანად გამოვხატავდით პროტესტს. იქ იყვნენ ყველა სფეროს წარმომადგენლები, მსახიობები, რეჟისორები, საქართველოს ნაკრების წევრები, როგორც მორაგბეები, ისე კალათბურთის ნაკრების წევრები, ექიმები და ა.შ.
როცა ტელევიზიები მოდიოდნენ და ინტერვიუს მთხოვდნენ, ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ პროტესტი უნდა იყოს აუცილებლად მშვიდობიანი და გამოძიებას რომ ნდომოდა გარკვევა, „რაშია საქმე”, ამ ჩანაწერებს მოიძიებდნენ და საქმეს დაურთავდნენ. 5-6 ინტერვიუ იქნებოდა იმ პერიოდში ჩემი მხრიდან ჩაწერილი.
არავინ არ იცის, რა ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულს გვედავებიან, რომელიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი არის ეს და საერთოდ, რა სტანდარტია, რასთანაც გვაქვს საქმე.
დაახლებით 8-9 საათზე მივედი რუსთაველზე და დაახლოებით 4 საათში დაიწყო დაპირისპირება, დაიძაბა სიტუაცია და პოლიცია იყო რუსთაველის მხრიდან. მე და ჩემი ნაცობები ვიყავით რედისონის ტერიტორიაზე და გადავინაცვლეთ ოპერის მიმდებარედ. დაახლოებით 3 საათისთვის დავიშალეთ და აბსოლუტურად მშვიდობიანად წავედით სახლში.
მოვიდა ჩვენი საკრალური 29 ნოემბერი. ზუსტად იმავენაირად, მშვიობიანად მე და ჩემი მეგობრები ჩემს ძმასთან და ბიძაშვილთან ერთად მივედით 1 სკოლის ტერიტორიაზე 8-9 და როგორც წინა შემთხვევაში, 3-4 საათში სიტუაცია ისევ დაიძაბა. ამ დროს ვიგებ იქ მყოფი ადამიანისგან, რომ ჩემი ოჯახის წევრი ჭიჭინაძის ქუჩაზეა. ისე, რომ ჩემებს არაფერს არ ვეუბნები, ავდივარ იქ, რომ ის ადამიანი იქიდან გამოვიყვანო. მიზანი ჩემი იქ ასვლის არის მხოლოდ და მხოლოდ ეს.
ის ცოცხალი თავით არ გამომყვა. ამასობაში, პოლიციის მხრიდან მოფრინავს და ფეხზე მხვდება „სარაჯიშვილის” შუშის ბოთლი, რაც ჩემში დიდ გაღიზიანებას იწვევს. დისტანცია საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ დავინახე, რომ 2 ადამიანი ჟესტიკულაციით იგინებოდა და გამოხატავდა დიდ აგრესიას. სიმართლე გითხრათ, ვერ დავიჯერე, რომ ჩემი მიმართულებით ხდებოდა ეს ყველაფერი.
გაგრძელდა ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც ბუნებრივია, მოჰყვა ჩემი რეაქცია. ეს ხდება იმ ადგილებში, საიდანაც იყო წარმოდგენილი მოჭრილი ნაწილები [ვიდეო]. მეც სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე. მხვდება საგანი, რომელიც მოვიშორე ისე, რომ ხაზს ვუსვამ, არანაირი საფრთხის ნასახი არ შექმნიათ პოლიციელებს, იმდენად სხვაგან იდგნენ ეს პოლიციელები. თვითონ ეს მოგრძო საგანი იყო ძალიან მსუბუქი. ეს მაინც ისე, ინფორმაციითვის.
თუმცა, მაქსიმუმ გული ტკენოდათ იქიდან. ვერანაირ ტრავმას ვერ მიიღებდნენ და ვერანაირი საფრთხე ვერ შეექმნებოდათ.
მინდა, გაგახსენოთ, რომ არც ერთ დაზარალებულს თუ თვითმხილველს არ უთქვამს, რომ ჩემი ქმედებით დაზიანება კი არა, საფრთხე მაინც შეექმნა ვინმეს. ერთი ადამიანიც არ არსებობს და სხვების შემთხვევაშიც იგივეა.
ჯგუფურობაზე არაფერს ვიტყვი, ყველამ იცის, რომ მოგონილია, როგორც ორგანიზებული, ისე – სპონტანური. ამაზე ადვოკატებმა უკვე ილაპარაკეს.
ამ ყველაფრის მერე ეგრევე ვბრუნდები ისე პირველი სკოლის ტერიტორიაზე. ცოტა ხანში ჭიჭინაძიდან და და თავისუფლების მოედნის მხრიდან პოლიცია იწყებს მოძრაობას და ხალხის დაშლას. მე ჩემს მეგობრებთან ერთად გადავდივარ ოპერისკენ.
მე ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს მოვუყევი ბოთლის ამბავი და რაც მოხდა, ის ამბავი და მშვიდობიანად გავაგრძელეთ ღამის 3 საათამდე. 4 დეკემბრამდე ერთხელ ან ორჯერ იყო, როცა არ ვიყავი იქ.
აბსოლუტურად მშვიდობიანად ვაგრძელებდით მე და ჩემი მეგობრები იქ ყოფნას და პროტესტის გამოხატვას.
ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ჩემი ოჯახის წევრისგან გავიგე, რომ ახლოს იყო პოლიციასთან და იქიდან გამოვიყვანე, ამჯერად დამირეჯა.
ჩემი და ჩემი მეგობრების გადაადგილების მარშრუტი იყო პირველი სკოლიდან ოპერის მიმართულებით.
რომელიღაც დღეს, არ მახსოვს, რომელ დღეს, ჩემთან მოვიდა ჩემთვის უცნობი ადამიანი და მითხრა, რომ არსებობდა რაღაც სუსის სია, დასაჭერების სია და ფრთხილად იყავიო.
საერთოდ ვერ მივხვდი, რაზე ლაპარაკობდა ან მე რა შუაში ვიყავი, თუმცა, ისეთი ხალხი ჩამოთვალა, მივხვდი, რომ რაღაც არარეალური ინფორმაცია იყო.
რაც შეეხება 5 დეკემბერს – დაკავების დღეს.
5 დეკემბერს დილით გავიღვიძე ადრე იქიდან გამომდინარე, რომ France 24-თან მქონდა ინტერვიუ და ინგლისურის სპეციალისტთან ერთად ვამზადებდი ტექსტს მიმდინარე მოვლენებზე სალაპარკოდ.
რატომ მიწეყო ისე, რომ ხშირად მიწევდა ინტერვიუების მიცემა, არ ვიცი.
ამის შემდეგ მქონდა ქართულ ტელევიზიასთან ინტერვიუ, სადაც ვამბობ ხაზგასმით, რომ პროტესტი უნდა იყოს აუცილებლად მშვიდობიანი, იმის მიუხედავად, პოლიციელები როგორ იქცევიან.
ამ ინტერვიუს დამთავრებისთანავე ირეკება კარზე ზარი. ვიკითხე, ვინ იყვნენ და გოგოს ხმა მპასუხობს, რომ სოციალურ გამოკითხვას ატარებდნენ და კარის გაღება მთხოვა. ჭუჭრუტანაშიც არ გამიხედავს და შემოვიდა პოლიცია. მკითხეს, ვინ იყო სახლში. მამაჩემი იყო და დაახლოებით 6-7 ადამიანი შემოვიდა. მეთქი, რა ხდება, რა გინდათ. ბრალდება უნდა გაგაცნოთო.
გამიკვირდა, საერთოდ ვერ მივხვდი, რაზე ლაპარაკობდნენ.
თვითონაც ძალიან მშვიდად და ზრდილობიანად იქცეოდნენ. ახლა ამოვა მთავარი გამომძიებელი თუ სამმართველოს უფროსიო, არ მახსოვს. სანამ მოვიდოდა, ვკითე, მეთქი, მითხარით, რამ შეგაწუხათ. თან ვფიქრობ, არანაირი თეორიული შანსი არ არის, რამე იყოს, შანსი კი არა, საერთოდ უდანაშაულო ვარ. მაგრამ ამდენი პოლიციელი რატომ უნდა მოსულიყო-მეთქი.
ამასობაში მესმის, ერთი ამბობს, კამერაც ამოვა ახლაო და მაგ დროს მივხვდი, რომ რაღაცაშია საქმე.
ამასობაში გიორგი კაჭკაჭიშვილი, რომელსაც თითქოს უფრო მეტი უფლებამოსულება ჰქონდა, ვიდრე სხვებს, მეუბნება, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში გედება ბრალიო. რაღაც გეშლებათ-მეთქი.
აქციაზე ხო დადიხართ და პოლიციელები დაზიანდნენო. კი მაგრამ მე რა შუაში ვარ ან რა ჯგუფური დანაშაული, რაზე მელაპარაკები-მეთქი. ახლა ამოვა უფროსიო.
ამასობაში ყველანაირ საბუთზე ხელმოწერაზე უარს ვეუბნები.
იკითხეს, რამე დაზიანება თუ გაქვსო და მეთქი, კი, ფეხზე პოლიციელის მხრიდან, რომელიც კონკრეტულად ვინ იყო, არ ვიცი-მეთქი. ოქმი შეადგინა და ჩემ მიერ ნახსენები პოლიციელი საერთოდ არ იყო ნახსენები.
მერე ბრალდებაზე მთხოვა ხელის მოწერა და ჩხრეკაზე, რაზეც უარი ვუთხარი.
ამასობაში ამოდის მთავარი გამომძიებელი თუ სამმართველოს უფროსი გიორგი გურეშიძე. ტელევიზიიდან ვიცანი. 100%-ით ვერ ვიტყვი, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი იყო. მეუბნება ასეთ რამეს: შენ ჯოხი ისროლე და მიაყენე დაზიანება.
მაგისი თეორიული შანსიც არ არის თუ რამე კადრი გაქვს გადაღებული, ვნახავ, ტყუილია ეგ-მეთქი. და უცებ მეუბნება, კარგი, კარგი, არ მოხვედრიაო და წესიერი ადამიანი ჩანხარო და ყველაფერს გადავამოწმებო.
უცებ კაჭკაჭიშვილი მიტრიალდება და ზედმეტად მშვიდად და წყნარად დაგვხვდი და მართლა რამე ხომ არ გაქვს გაკეთებულიო.
მშვიდი ადამიანი ვარ, ნუ ინერვიულებ-მეთქი. მაგაზე ცოტა გაღიზიანდა.
საერთოდ რატომ იყავი აქციაზეო. შემიძლია, აგიხსნა, მაგრამ დიდი ხანი დამჭირდება ასახსნელად-მეთქი და კაი, კაიო. თუმცა, მაინც ზრდილობის ფარგლებში იქცეოდნენ.
უცებ ის ადამიანები, რომლებიც იქ იყვნენ, ამბობენ, რომ დარწმუნებული ვართო, რაღაც აირიო. ეს ჯგუფურობაც ისეთი რაღაც არისო და 2 დღეში 2000 ლარად გახვალო. მამაჩემიც იქ იყო.
სახლში არაფერი არ გაჩხრიკეს, მარტო ტელეფონი წაიღეს. ლეპტოპიც იყო, ლეპტოპი მაინც წაეღოთ ან მაცივარი მაინც გამოეღოთ, ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში თუ მედება ბრალი, რატომ არ უნდა გაჩხრიკო, არ ვიცი.
ადვოკატთან დარეკვაზე თავიდან უარი მითხრეს. მეთქი, კინოებში ამაზე უარის თქმა არ შეიძლება და თქვენთან პირიქით რატომაა და ერთ-ერთმა პოლიციელმა, კიო, დარეკეო და დავრეკე. ისე გამოვიდა, რომ ერთ საათზე მეტი ველოდებოდით კამერას. მე გავაფრთხილე, დედაჩემი აპირებს მოსვლას-მეთქი და მეც და თქვენც გირჩევნიათ, ჩაქარა წავიდეთ-მეთქი.
ძლივს მოაღწია კამერამაც და წავედით. წამიყვანეს განყოფილებაში. იქაც კარგად იქცეოდნენ, მერე გადამიყვანეს „კაპეზეზე”. ამ დროის განმავლობაში გავიხსენე ადვოკატები, რომლებიც თვითონაც გაოგნებულები იყვნენ, რაში იყო საქმე.
მინდა გითხრათ, რომ ქართულმა სასამართლომ შეძლო შეუძლებელი და განახორციელა ანტონენ არტის უტოპიური იდეები. 90 წლის განმავლობაში თეატრმა ვერ მოახდინა საზოგადოებაზე ისეთი შთაბეჭდილება, როგორც თანამედროვე ქართულმა სასამართლო გააკეთა. შემოგვთავაზა პირობითობა, რომელიც ადამიანებზე ნებისმიერი ადამიანი ჭირივით მოქმედებს, როგორც მაყურებელზე, ისე მოქმედ პირებზე, ისე თქვენზე, პროკურორებზე, ასევე ჩვენზე.
ეს ჭირივით მოქმედება იწყება მაშინ, როცა ხდება რაღაც შეუძლებელი. ამ შეუძლებელს ხელი შეუწყვეთ თქვენც.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ ადამიანს რომ ენახა, რაც აქ კვირაში ერთხელ ხდება, ნამდვილად იამაყებდა.
უნდა დავამატო მაზე, რომ საქართველო რაც დამოუკიდებელია, მანამდეც, მაგრამ რაც დამოუკიდებელია, არასდროს არ გვქონია დამოუკიდებელი სასამართლო და აბსოლუტურად ყველა, ვისაც შეეძლოდა უფლებამოსილება ჰქონდა, ბოროტად იყენებდა ამ ინსტიტუტს. ამ ყველაფრის პიკი იყო წინა ხელისუფლების პერიოდი, როცა ძალიან კარგად დაიწყეს და ეცადნენ გაჯანსაღებას. თუმცა, საბოლოოდ, თქვენც გადასარევად გააგრძელეთ იგივე და დღეს სასამართლოს შეუძლია, სრულიად არაადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება.
ასევე, ბევრია, ვისაც ნარკოტიკი ჩაუდეს, იარაღი ან ადამიანები ჩაუდეს, როგორც ჩვენ ერთმანეთი.
სხვადასხვა მოსამართლეებმა აბსოლუტუად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღეს.
მე როგორ უნდა მომეხდინა მოწმეებზე ზემოქმედება, როცა ამას პროკურატურა აკეთებდა.
არც ვეცდებოდი ზემოქმედებას, იმიტომ, რომ მართალი ვარ და სახელმწიფოს და თქვენ გაძლევთ შანსს, რომ ამ აბსურდიდან სწორი განაჩენი გამოიტანოთ. გაქცევაზე ჩამოერთმიათ პასპორტი ან ბოლოს და ბოლოს, სამაჯურიც შეგეძლოთ, გამოგეყენებინათ.
ამის თუ ეშინია სახელმწიფოს, მაშინ თავის იმედი არ ჰქონიათ.
როცა სამიდან ერთი რჩება, როგორც ვიცი, სასამართლო ვალდებულია, ევროპული კონვენციიდან გამომდინარე ნაკლებად მძიმე აღკეთის ღონისძიება გამოიტანოს.
რომელ განმეორებით დანაშაულზე ლაპარაკობთ, როცა დანაშაული ისედაც არ არსებობს და ეს თქვენ არც თქვენ და არც სხვა მოსამართლეებმა არ გაითვალისწინეთ.
საქმეს დაერთო პროკურატურის მოწმეები. მე მაინტერესებს, ბრალდებამ რა ახალი გარემოება აჩვენა ისეთი, რაც ჩვენს დანაშაულს დაამტკიცებდა ამ 9 თვის განმავლობაში.
ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი, როგორ ხდებოდა პრაქტიკაში ის, რასაც ეს ბრალი ეხებოდა, როგორ იყო როლები განაწილებული, როგორ ხდებოდა კომუნიკაცია, ვინ იყო ის, ვინც უშუალოდ ვინმეს რამეს ავალებდა, რა სახის კავშირი არსებობდა მონაწილეებს შორის, ორგანიზატორებს და მონაწილეებს შორის. ამაზე პასუხი არ მოგვისმენია. იმიტომ, რომ არავითარი ჯგუფი არ არსებობს.
მე ვიყავი და ვარ ჩემს თავზე პასუხსმგებელი.
მოწმეები ხშირ შემთხვევაში ისეთი სასაცილო შეცდომებით მოდიოდნენ, ტელევიზიების აკრძალვა სწორედ ამით იყო განპირობებული.
პროკურატურას ჰყავდა მოწმეები, რომლებიც ჩვენთან არანაირ კავშირში არ არიან. ჩემი მხრიდან არავინ და არაფერი არ დაზიანებულა. ყველა პროცესზე ჩანდა, რომ პროპაგანდისტული ხაზი ჩაუვარდათ. რამდენი სხდომაც ჩატარდა ამ 9 თვის განმავლობაში, იმდენით 0 მოვუგეთ პროკურატურას. ჩანდა, რომ ყველა მოწმე ჩვენთვის სასარგებლო იყო. რატომ? იმიტომ, რომ მათთან არანაირი გადაკვეთა ჩვენ არ გვქონია.
ამ მოწმეების დართვა განპირობებული იყო იმით, რომ ჩვენი გაშვება ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა, ეს ასე არ მოხდა.
პროცედურულად თქვენ დადებიტი გადაწყვეტილებები მიიღეთ, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი არასწორი გადაწყვეტილებაც. აღკვეთის ღონისძიებას თავი რომ დავანებოთ, დაწყებული სახელმწიფო ადვოკატების – არაჩვეულებრივი ადამიანების დანიშვნით, გაგრძელებული – კანონის წაკითხვის საშუალების არმიცემით და სამწუხაროდ, ბევრ პროცედურულ დარღვევასთან გვქონდა საქმე.
სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ჩვენი განაცხადი, რომელსაც აქვს ასეთი სახელწოდება: „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ”. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ჩანაწერიც ნერვებს მიშლის, ჭიჭინაძე არ ედავება სახელმწიფოს, ჭიჭინაძე ედავება ხელისუფლებას იმაში, რომ ადამიანების უფლებები გათელეს ფეხქვეშ და ჩემთვის ამის დაფიქსირება არის მნიშვნელოვანი.
ასევე, მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მივმართო ადამიანებს, რომელებსაც ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ დერეალიზაცია-დეპერსონალიზაციის კონდიცია და ვუთხრა, რომ ამ ყველაფრიდან გამოსავალი არსებობს და ამის მაგალითი ვარ მე. მინდა, მათ ვუთხრა, რომ ამ კონდიციის გადალახვაში მე ჩემი მხრიდან ენერგიას არ დავზოგავ და აუცილებლად დავეხმარები.
ბოლოს ჩემი ოჯახის წევრებს მინდა ვუთხრა განსაკუთრებული მადლობა იმიტომ, რომ არსებობენ და იმ ადამიანებს, ვისაც შიშის დაძლევა უნდათ – ვერავის ვერ შეაშინებთ.
რაც დღეს შეიძლება სასაცილოდ გვეჩვენებოდეს, ხვალ შეიძლება იქცეს რეალობად და ცუდ სიზმარში კი არ გავიღვიძებთ, სხვის სიზმარში გავიღვიძებთ, საიდანაც მაგრად გაჭირდება ამ ყველაფრიდან ამოძრომა”.