თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი 15 ივლისს დანიშნა.
სასამართლოს ცნობით, დღეს, 2024 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი, მოპასუხე – საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. მანუჩარ კაკოჩაშვილს თავადაც სურდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობა და შესაბამის კონკურსშიც მონაწილეობდა.
მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მოსარჩელის დანიშვნის დავალება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ამავე სარჩელით, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა სამართალწარმოების დასრულებამდე საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედების შეჩერება და დროებითი განჩინებით საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე საქართველოს პრეზიდენტისათვის ახალი კონკურსის ჩატარების და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნის აკრძალვა (მოსარჩელის გარდა).
თბილისის საქალაქო სასამართლო აცხადებს, რომ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით, მანუჩარ კაკოჩაშვილის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალწარმოების დასრულებამდე შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება.
ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა.