სასამართლომ ივერი მელაშვილის სატელევიზიო კომენტარი მტკიცებულებად მიიღო

პუბლიკა

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლოს არსებთი განხილვა 2 მარტს გაიმართება.

მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზე დასაშვებად ცნო როგორც დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ისე პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება. მათ შორის, ივერი მელაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული კომენტარი.

პროკურატურამ სასამართლოში მტკიცებულებად ივერი მელაშვილის მიერ ერთ-ერთ ტელეარხზე გაკეთებული კომენტარი წარადგინა. მელაშვილი აზერბაიჯანის სადელიმიტაციო კომისიასთან მოლაპარაკების პროცესში, ქართული მხარის მიერ დავით გარეჯის მთლიან კომპლექსზე წვდომაზე მოთხოვნის წაყენების საფუძვლიანობაზე ამბობდა – „როგორ არის შენი, როცა არ არის შენი“.

თუმცა, გარეჯის მონაკვეთი დელიმიტაციის კომისიებს შორის შეთანხმებული არ არის და გამოძიება ამ მონაკვეთთან დაკავშირებით არ ედავება ბრალდებულებს.

საქმის არსებითი განხილვა 2 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება.


აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 8 ოქტომბრიდან პატიმრობაში იყვნენ, 28 იანვარს აღკვეთის ღინისძიება შეეცალათ და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

პროკურატურა მელაშვილსა და ილიჩოვას საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებებში დებს ბრალს. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით. გამოძიების მტკიცებით, საზღვრების შეთანხმებისას მათ არ გამოიყენეს 1937 წლის 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. ივერი მელაშვილის თქმით, საქართველო აზერბაიჯანთან საზღვრების დადგენის პროცესში ხელმძღვანელობდა 1938 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის შეთანხმებისას ხელმოწერილი, 1:500 000 მასშტაბის რუკით.

სადელიმიტაციო კომისიის ყოფილი წევრები მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიერ მტკიცებულებად მოყვანილი რუკის გამოყენება არ შეიძლებოდა, რადგან მას ჰქონდა ცდომილებები და ამ ცდომილებების გამო არსებითი აცდენა ჰქონდა 1938 წლის რუკასთან.

ამასთან ეს ცდომილებები მეორდება თანამედროვე ბევრად უფრო ზუსტ რუკებთან ისეთი პუნქტების შედარებით, რომლებიც წლების განმავლობაში უცვლელი რჩება, იქნება ეს – მწვერვალი, ხიდი, რკინიგზა თუ სხვა.

ასევე, მათი თქმით, ეს რუკა შედგენილი იყო მიუფლინგის პროექტით და ცდომილებების წყარო შეიძლება იყოს თავად ეს პროექტიც, რადგან მიჩნეულია, რომ ამ მიუფლინგის სისტემით შედგენილ რუკებს აქვთ სწორედ მსგავსი ცდომილებები.