რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართული მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ორივე მუხლში დამნაშავედ ცნეს და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ დასკვნითი სხდომა დღეს გაიმართა. მოსამართლე ზვიად შარაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ლაზარეს პატიმრობის ათვლა მისი დაკავების დღიდან დაიწყო. ის ერთი წლის წინ, 29 მარტს დააკავეს. ის ციხეში 8 წელს გაატარებს.
ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავეს. ის მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და პოლიციის მანქანის დაწვაში იყო ბრალდებული.
მას 2023 წლის 25 სექტემბერს 1.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს მამის დაჭრის საქმეზე, რომლის განხილვა სასამართლომ დაწყებიდან 2 წლის შემდეგ განაახლა.
მარტის აქციების საქმეზე ლაზარეს დაკავებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ, რომელშიც მან მარტის აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს „სატანისტები“ უწოდა. მოგვიანებით, მან ლაზარეს მიმართ გამოიყენა სიტყვა „ბინძური“ და განაცხადა, რომ მას „ვერავინ ვერ გამოიყვანს ციხიდან“.
ხელისუფლების ლიდერებმა ლაზარეს არაერთხელ უწოდეს „ორიენტაციაარეული“. ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ მას „ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული“.
მარტის აქციების საქმეზე, ლაზარეს გარდა, დაკავებული იყო თორნიკე აკოფაშვილი, რომელსაც 19 ოქტომბერს 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმა და 2-წლიანი პირობითი მსჯავრი დაეკისრა.