თბილისის საკრებულოს წევრებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
გირაოს შუამდგომლობა სხდომაზე საქმის პროკურორმა დააყენა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს ჩაინიშნა.
ლევან ხაბეიშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის საქმეზე თბილისის საკრებულოს წევრებს – ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძესა და თარაშ შურღაიას პროკურატურამ ბრალი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.
ეს მუხლი გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2 წლამდე.
_______
თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება 24 იანვარს მოხდა.
„თვალზე რატო დამარტყეს? წიხლებით რატო შემდგნენ, რა იყო მათი მიზანი? – როგორ დავიცავი და გავბედე, დამლაგებლებს რომ აქვთ 8 ლარი ანაზღაურება, როგორ გავბედე და როგორ ვთქვი ეს ერთ-ერთ ეთერში, ანუ პოლიტიკური განცხადების გამო, იმისთვის, რომ ვთქვი, ეს არასწორია“, – აცხადებდა ლევან ხაბეიშვილი.