სასამართლომ ლუკა კინწურაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

პუბლიკა

ლუკა კინწურაშვილი, რომელიც პოლიციამ „იდენტიფიცირების” მიზნით ქუჩაში 31 მარტს გააჩერა, შემდეგ კი დააკავა, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო. მას მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

31 მარტს დაკავების შემდეგ ადვოკატები ლუკა კინწურაშვილს რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ პოულობდნენ – მოგვიანებით, მათ განაცხადეს, რომ დაკავების შემდეგ ლუკა კინწურაშვილი ორჯერ – პოლიციის განყოფილებასა და წინასწარი დაკავების იზოლატორში სრულად გააშიშვლეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამათთან, მას ლუკას მარცხენა მხარი და მუხლი ჰქონდა დაზიანებული.

დღეს პოლიციელებმა სხდომაზე განაცხადეს, რომ ლუკა კინწურაშვილი ქუჩაში „იდენტიფიცირების მიზნით“ გააჩერეს, თუმცა მათი მტკიცებით, კინწურაშვილს მათთვის პირადობა არ წარუდგენია და არ მიუცია ჩანთის, ასევე, მისი „ზედაპირულად დათვალიერების” უფლება. მოწმე პოლიციელების მტკიცებითვე, ლუკა კინწურაშვილი მათ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და იყო აგრესიული, რის შემდეგაც ის დააკავეს.

ლუკა კინწურაშვილმა, თავის მხრივ, პროცესზე აღნიშნა, რომ მას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მათ წარუდგინა როგორც პირადობა, ასევე, გაუხსნა ჩანთა და მისცა მათ ზედაპირული დათვალიერების უფლება. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მას მოსთხოვეს „ტელეგრამ” არხის ჩატების გახსნა, მან დაურეკა ადვოკატ მარიამ პატარიძეს, თუმცა მალევე ტელეფონი წაართვეს და დააკავეს

ადვოკატი მარიამ პატარიძის თქმით, მანდ პოლიციელებს თავი წარუდგინა და მიუთითა, რომ პირადი მიმოწერების გახსნის უფლება მათ არ ჰქონდათ.

ლუკა კინწურაშვილი პოლიციელებმა „დათვალიერების“ მოტივით ქუჩაში 2024 წლის ივლისშიც გააჩერეს, შემდეგ კი დააკავეს და ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ მისცეს. დაკავების დეტალებზე საუბრის დროს კინწურაშვილი იხსენებდა, რომ პოლიციამ მას შეურაცხყოფა მიაყენა. ლუკა კინწურაშვილი მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა მისცა.