სასამართლომ მაქარაშვილი, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე 2000 ლარით დააჯარიმა - GDI

პუბლიკა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.

კერძოდ, 2021 წლის 10 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გიგა მაქარაშვილი, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

„გიგა მაქარაშვილს, არც დაკავებამდე და არც დაკავების შემდეგ, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და აღნიშნული დადასტურდა თავად შსს-ს წარმომადგენლების მიერ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი ვიდეო მასალითაც. სხვადასხვა ტელეკომპანიის ოპერატორის მიერ გადაღებული ვიდეოებიდან ირკვევა, რომ გიგა მაქარაშვილი მშვიდობიანად დგას და პოლიციის თანამშრომლები ყოველგვარი გაფრთხილების ან მოწოდების გარეშე აკავებენ მას.

მოსამართლე დაეყრდნო მხოლოდ ერთი პოლიციელის ჩვენებას, რომელიც მონაწილეობდა გიგა მაქარაშვილის დაკავების პროცესში და იყო დაინტერესებული პირი. ამასთან, მისი ჩვენება ეწინააღმდეგებოდა თავად შსს-ს წარმომადგნელების მიერ პროცესზე წარმოდგენილ ვიდეო მტკიცებულებებს.

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა არ დააკმაყოფილა გიგა მაქარაშვილის ადვოკატის არცერთი შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან სისხლის სამართლის საქმის მასალების ამოღებას, პროკურატურის მოქალაქეთა მისაღებ შენობაზე განთავსებული ვიდეო კამერებით გადაღებული ვიდეო ჩანაწერების ამოღებას და გიგა მაქარაშვილის დაკავების ბრძანების გამცემისა და ერთ-ერთი უშუალო დამკავებლის, გოგა მემანიშვილის დაკითხვას“,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ GDI აგრძელებს გიგა მაქარაშვილის უფლებების დაცვას და სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.