სასამართლომ მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის განსაზღვრება არაკონსტიტუციურად ცნო

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლომ მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის განსაზღვრება არაკონსტიტუციურად ცნო.

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მარტოხელა დედა/მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე, პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.

რატომ გაასაჩივრეს აღნიშნული ჩანაწერი საკონსტიტუციო სასამართლოში

საკონსტიტუციო სარჩელს სამი მოსარჩელე ჰყავდა – ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ირმა გინტური არის, ფაქტობრივად, მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილი რეგისტრირებული ქორწინებიდან. დღეს არსებული მდგომარეობით, მოსარჩელე განქორწინებულია და დამოუკიდებლად ზრდის არასრულწლოვან შვილს, თუმცა ის ვერ იღებს მარტოხელა დედის სტატუსს სადავო ნორმაში არსებული ორი წინაპირობის გამო – მისი შვილი დაიბადა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში და, ამავე დროს, ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში შეტანილია ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ. აღნიშნული წინაპირობებიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაშიც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს მარტოხელა დედის სტატუსი.

მოსარჩელე ელგა მაისურაძე ასევე წარმოადგენს ფაქტობრივად მარტოხელა დედას. მასაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომელიც გაუჩნდა რეგისტრირებული ქორწინების გარეშე, თუმცა მისი შვილის დაბადების აქტის ჩანაწერში ასევე შეტანილია ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მიერ მარტოხელა დედის სტატუსის მიღებას.

მოსარჩელე ლერი თოდაძე, ფაქტობრივად, მარტოხელა მამაა, რომელსაც არარეგისტრირებული ქორწინებიდან შეეძინა ორი შვილი. მოგვიანებით, იგი მიატოვა ყოფილმა პარტნიორმა, რომელსაც შეზღუდული აქვს მშობლის უფლება და მას შემდეგ ლერი თოდაძე დამოუკიდებლად ზრდის ორ არასრულწლოვან შვილს, თუმცა იმის გამო, რომ მისი შვილების დაბადების აქტის ჩანაწერში შეტანილია ჩანაწერი ბავშვის დედის შესახებ, სადავო ნორმა ართმევს მას შესაძლებლობას, მიიღოს მარტოხელა მამის სტატუსი.

მოსარჩელეთა მითითებით, სადავო ნორმებით დადგენილი მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღების წინაპირობები არ პასუხობს შესაბამის პირთა რეალურ საჭიროებებს და გაუმართლებლად ზღუდავს მოსარჩელეთა საქართველოს კონსტიტუციით დაცულ თანასწორობის უფლებას. კერძოდ, მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრისას სადავო ნორმები არ ეყრდნობა აღნიშნულ პირთა რეალურ საჭიროებებს და ფორმალური კრიტერიუმების საფუძველზე ადგენს, მარტოხელა მშობელი იმსახურებს თუ არა შესაბამის სტატუსს.

რა დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მარტოხელა მშობლის სტატუსის ბუნებასა და მიზანზე. კერძოდ, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული სტატუსის პირველადი მიზანია იმ ნეგატიური ფაქტორების განეიტრალება, რაც უკავშირდება ბავშვის მხოლოდ ერთი მშობლის მიერ აღზრდას. ხსენებული ნეგატიური ფაქტორები კი, შესაძლოა, მატერიალურზე მეტად, პრობლემური იყოს ბავშვის სრულფასოვანი ფსიქოლოგიური განვითარების კუთხით.

სასამართლომ მიუთითა, რომ თუკი არასრულწლოვან პირს სახეზე ჰყავს ორივე მშობელი, მაგრამ მის აღზრდაში მონაწილეობას იღებს მხოლოდ ერთი მათგანი, ბავშვის სრულფასოვანი განვითარების კუთხით არსებული გამოწვევები მნიშვნელოვნად ნაკლებია იმ ბავშვებთან შედარებით, რომელთაც მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავთ. ორივე მშობლის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა ბავშვი მხოლოდ ერთი მშობლისგან იღებდეს როგორც მატერიალურ, ისე აღმზრდელობით მზრუნველობას, მაგრამ გარკვეულ ადამიანურ ურთიერთობას ინარჩუნებდეს მეორე მშობელთან. ამასთან, თუკი ბავშვის ორივე მშობელი სახეზეა, მათ აკისრიათ შვილზე ზრუნვის მორალური და კანონისმიერი მოვალეობა და არსებობს გონივრული მოლოდინი, რომ გარკვეულ დონეზე ორივე მათგანი შეიტანს წვლილს მისი აღზრდის პროცესში.

სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპზე და განმარტა, რომ ბავშვის ორივე მშობლის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან მშობლისა და არასრულწლოვანი შვილის ურთიერთობაში ისეთი ფორმით ჩარევამ, როგორიც არის ბავშვის ერთ-ერთი მშობლის მარტოხელა მშობლად აღიარება, შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

ამრიგად, სასამართლომ არსებითად თანასწორ პირებად არ მიიჩნია, ერთი მხრივ, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, მეორე მხრივ, ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები, რომლებიც ერთპიროვნულად იღებენ ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას, თუმცა ბავშვის მეორე მშობელი სახეზეა.

საკონსტიტუციო სასამართლომ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების არსებითად თანასწორ პირებად მიიჩნია ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები, რომლებიც ასევე მარტო ზრდიან არასრულწლოვან შვილს და, ამავდროულად, მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად, აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. სასამართლოს პოზიციით, დასახელებულ კატეგორიებს მიკუთვნებული პირები არსებითად მსგავსი საჭიროებების წინაშე არიან ბავშვის აღზრდის კუთხით. ამასთან, სასამართლომ ვერ დაინახა საჯარო ინტერესი, რომელიც აღნიშნულ დიფერენცირებას გაამართლებდა. შესაბამისად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება გადაავადა 2022 წლის პირველ ივლისამდე, რათა საფრთხე არ შექმნოდა იმ პირთა ინტერესებს, რომელთაც სადავო რეგულირების საფუძველზე შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მარტოხელა მშობლის სტატუსი.