თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდება.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მელიას 40 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
ნიკა მელია სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ გირაოს თანხა უკვე ჩარიცხულია, სავარაუდოა, რომ ენმ-ის ლიდერი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
ნიკა მელიას გირაო ევროკავშირმა გადაიხადა. ამ საკითხის შესახებ შარლ მიშელის მედიაციით შეთანხმებული დოკუმენტის ხელმოწერის პროცესში გახდა ცნობილი.
40 000 ლარი ორგანიზაციამ „ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის“ გამოყო და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 8 მაისს ჩარიცხა პროკურატურის ანგარიშზე.
ნიკა მელიას საქმე
ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით. მას აღმკვეთ ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო 30 000 ლარი და ასევე დაუწესდა ელექტრონული მონიტორინგი.
ნიკა მელიამ პირველ ჯერზე გირაოს თანხა შეიტანა. თუმცა, 1 ნოემბერს, აქციაზე პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული სამაჯური. იმის გამო, რომ მან ამით დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიების პირობები, პროკურატურამ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით მიმართა.
სასამართლომ გირაო გაამკაცრა და ის 40 000 ლარით, 70 000 ლარამდე გაიზარდა. გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდის ვადად განისაზღვრა 50 დღე. სწორედ ამ გირაოს გადახდაზე განაცხადა უარი ნიკა მელიამ.
12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით – პატიმრობისთვის სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის თაობაზე პარლამენტს მიმართა. 16 თებერვალს პარლამენტმა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა.
17 თებერვალს ენმ-ის ლიდერს პატიმრობა შეუფარდეს.
ნიკა მელია 23 თებერვალს,„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს.