20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამმა მოსამართლემ 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი აქტივისტის საქმე განიხილა.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ისაკო დევიძეს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ირაკლი ანდღულაძეს 2700-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მოსამართლე ნინო ენუქიძემ კი დავით წოწორიას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
სამივე დაკავებულის პროცესი გვიან საღამოს გაიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ისინი სასამართლოში სამუშაო დღის მიწურულს, 18:00-მდე ცოტა ხნით ადრე გადაიყვანეს და აღნიშნულის თაობაზე ადვოკატებს გონივრულ ვადაში არ აცნობეს.
მათივე თქმით, პროცესზე მოსამართლეები მიზანმიმართულად არ აკმაყოფილებდნენ ადვოკატების შუამდგომლობებს საქმის მასალების გასაცნობად და დამატებითი მტკიცებულებების წარმოსადგენად გონივრული ვადით სხდომების გადადებასთან დაკავშირებით.
„მიგვაჩნია, რომ სასამართლო უგულებელყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არ აძლევს ადვოკატებს შესაძლებლობას, ჯეროვნად განახორციელონ მათი მარწმუნებლების ინტერესების დაცვა, ხოლო მეორე მხრივ, მოქალაქეებს არ ეძლევათ მათი სასარგებლო მტკიცებულებების მოძიებისა და სასამართლოში წარმოდგენის შესაძლებლობა.
მოვუწოდებთ სასამართლოს, მისცეს ადვოკატებსა და მხარეებს საქმის მასალების სრულად გაცნობის და ახალი მტკიცებულებების მოძიებისთვის საჭირო დრო და ორგანიზებულად წარიმართოს წინამდებარე საქმეების განხილვა“, – აღნიშნეს ორგანიზაციებმა საერთო განცხადებაში.
დაკავებულებს ადმინისტრაციული პატიმრობის 48-საათიანი ვადა უკვე ამოეწურათ და გათავისუფლდნენ.
მათი საქმეების განხილვა სასამართლოში ეტაპობრივად გაგრძელდება.
19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე 16 ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით, 3 მათგანი, მათ შორის, „მთავარის“ ოპერატორი, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
სახალხო დამცველის შეფასებით, 16 პირიდან 10 სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ან ძალის გადამეტების მსხვერპლი გახდა.