საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის ოქტომბერში ბრალდებულმა წინასწარი შეცნობით 14 წლის არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური კავშირი რამდენჯერმე დაამყარა. აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეზე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ასევე 12 მარტს არასრულწლოვანის ძმა დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ის არასრულწლოვან დას სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რადგან დაზარალებული ხვდებოდა მასზე ბევრად უფროს და დაოჯახებულ მამაკაცს.
პროკურატურამ ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, მოსამართლემ ი.უ-ს პატიმრობა, ხოლო ა.ნ.-ს გირაო 15 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. პროკურატურა არ დაეთანხმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ა.ნ.-ისთვის შეფარდებული გირაო სააპელაციო სასამართლოში, მისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით გაასაჩივრა. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.