მუზეუმიდან გათავისუფლებულმა მაია პატარიძემ თეა წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან მაია პატარიძის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და ეროვნულ მუზეუმს განაცდურის ანაზღაურება და კომპენსაცია დააკისრა.

ისტორიკოსი, ნუმიზმატი მაია პატარიძე ეროვნული მუზეუმიდან 2022 წლის მაისში 21 სხვა თანამშრომელთან ერთად გაათავისუფლეს. გათავისუფლების შესახებ ბრძანებებს ხელი დირექტორის მოადგილემ, ნიკა ახალბედაშვილმა მოაწერა.

ახალბედაშვლი სამუზეუმო სისტემაში თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროდან გადაიყვანა.

მაია პატარიძიის ადვოკატის, დავით ომსარაშვილის თქმით, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მისი გათავისუფლების ბრძანება, ბათილად ცნო ის და სახელმწიფოს გათავისუფლების დღიდან დღემდე განაცდურის ანაზღაურება დაავალა.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაია პატარიძეს უნდა გადაუხადონ 2000-ლარიანი კომპენსაცია იმის გამო, რომ ის პოზიცია, რომელიც მას მუზეუმში ეკავა, გაუქმებულია და შესაბამისად, ვერ მოხდება მისი აღდგენა სამუშაო ადგილზე.

დავით ომსარაშვილი ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტრომ შესაძლოა, საქალაქოს გადაწყვეტილება შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს.

„თუმცა, ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ სააპელაციოშიც და საკასაციოშიც. ჯერჯერობით ველოდებით გადაწყვეტილების დასაბუთებას”. – ამბობს ადვოკატი.

„კულტურის პროფკავშირის” განცხადებით, ეს უკვე მე-15 საქმეა, რომელიც მუზეუმებიდან უკანონოდ გათავისუფლებულებმა უწყებას სასამართლოში მოუგეს.

„წინ კიდევ 70-მდე სარჩელია. ბრძოლა გრძელდება”, – აცხადებს პროფკავშირი.