სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა

პუბლიკა

ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მიიღო.

დღეს, 4 მარტს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მეტრეველმა ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შესახებ იმსჯელა.

სხდომაზე მტკიცებულებების დამტკიცების ეტაპზე მსჯელობისას ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელის საქმეში დევს დეტექტივის 15 თებერვალს შედგენილი პატაკი, თითქოს მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმა დაგეგმილი ჰქონდა და ამაზე კომუნიკაციას ტელეფონით აწარმოებდა. პროკურატურამ ამ საფუძველზე მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღებას მოითხოვა.

„არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს. საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა. ამიტომ, მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას”, – განაცხადა დღევანდელ პროცესზე მზია ამაღლობელმა.

„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.

13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე. ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.