სასამართლომ NAEC-ს ადვენტისტი აბიტურიენტებისთვის გამოცდის გადატანა დაავალა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 16 ივლისის დროებითი განჩინებით,  გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაავალა, რომ ორ აბიტურიენტს, რომლებიც, რელიგიური მრწამსის გამო, მონაწილეობას ვერ მიიღებენ შაბათ დღეს (18 ივლისს) დანიშნულ ინგლისური ენის გამოცდაში, გამოცდა გადაუტანოს 17 ან 19 ივლისს.

2020 წლის 15 ივლისს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) გამოცდების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ცენტრმა ორ აბიტურიენტს, რომლებიც მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წევრები არიან, სხვა დღეს ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებაზე უარი უთხრა.

ორგანიზაცია წერს, რომ რელიგიური მრწამსის გამო, მათ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გამოცდაში შაბათ დღეს და ამიტომ გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2020 წლის 30 ივნისს 18 ივლისს დანიშნული გამოცდის გადატანის თხოვნით მიმართეს.

ორგანიზაციის განმარტებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პასუხების[1] მიხედვით, აბიტურიენტების განცხადებებში აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ გამოცდების განრიგი უკვე დამტკიცებულია.