სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

პუბლიკა

ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით, ნიკა გვარამიას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. კახაბერ დანემიას ბრალდება გადაკვალიფიცრდა და დამნაშავედ ცნეს. მას სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარი.

ნიკა გვარამია სასამართლომ დამნაშავედ ცნო რიგ ბრალდებებში და შეუფარდა 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, ასევე, დააკისრა ჯარიმა 50 000 ლარის სახით. მოსამართლემ გვარამიას სასამართლო დარბაზშივე დააკავების მითითება გასცა.

———————————————————————————–

ნიკა გვარამიას ბრალდება 2019 წლის 9 აგვისტოს, იმავე წლის 20 ივლისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში წარედგინა.

ნიკა გვარამიას ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, კომერციულ მოსყიდვაში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაედო.

15 მაისს მედიის ადვოკატირების კოალიცია ნიკა გვარამიას საქმეზე განცხადება გაავრცელა. ორგანიზაცია გამოთქვამდა იმედს, რომ სასამართლო სათანადო ყურადღებას დაუთმობდა ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნებს.

საუბარია შემდეგ დასკვნებზე:

  • სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიასათვის წარდგენილი ბრალდების შეფასებისას განმარტა, რომ კომპანიის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არათუ სისხლის სამართლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება, ხოლო პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს.
  • კოალიციის წევრი ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დასკვნის თანახმად,  არ დასტურდება ნიკა გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებები.

„სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს ეს გარემოებები, ასევე, მედიის საქმიანობის მიმართ საჯარო ინტერესი და მიიღოს დასაბუთებული, მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტის შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლოზე შესაძლო პოლიტიკური ზეწოლის შესახებ ეჭვებს გაფანტავს.“ – ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.